ბერძენიშვილის ცემა პირადად პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა - „დროა/გირჩი-მეტი თავისუფლება"

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლება” და „დროა” აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ამაზე პასუხისმგებელი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია.

„სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა და პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის დამნაშავეა.

მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილი ექსტრემიზმში დაადანაშაულა, აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო ადამიანის მიზანში ამოღება, წაქეზება, რაც, სამწუხაროდ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ხელისუფლება ყოველდღიურად ფიზიკურად უსწორდება კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს დისკომფორტს უქმნიან.

მიუხედავად რეპრესიისა, საზოგადოება უპრეცედენტოდ ერთიანი და უკომპრომისოა. ვერანაირი მუშტი ვერ გააჩერებს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან.

ყველამ, ვინც რეჟიმის ბინძურ დავალებას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ ყველა მათგანის ვინაობა გასაჯაროვდება და კანონის წინაშე, დამკვეთებთან ერთად, აგებენ პასუხს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დილით, 09:15-ზე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერია, რომ სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარითა და შეურაცხყოფით.

პაპუაშვილი წერს, რომ „მედიისთვის დადგმული ეს ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს“.

ამავე პოსტში ის დონორებს „ტერორის ნორმალიზებაში“ ადანაშაულებს.

ამ პოსტით პაპუაშვილი გამოეხმაურა იმ შემთხვევებს, როცა მოქალაქეებმა რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის ვიდეო გუშინ მარიამ წიწიკაშვილმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა 3 ივნისს დაწერა, რომ გურიაში, სოფელ ფამფალეთში „გაურკვეველი პირები ეძებენ და სოფლის გასასვლელში დგანან“.


რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებიდან დღემდე ორგანიზებული ჯგუფები კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს სხვადასხვა ადგილზე ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. აზიანებენ მათ ავტომობილებს, ოფისებთან და საცხოვრებელ სახლებთან ტოვებენ სტიგმის შემცველ და შეურაცხმყოფელ წარწერებს. ურეკავენ და აგინებენ მათ და მათი ოჯახის წევრებს.

31 მაისს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებზე ახალი წარწერები ორგანიზებულად დატოვეს, „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ აღიარა, რომ ეს მისი ორგანიზებული იყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიცია პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდა და იყენებდა გაუმართლებელ და არაპროპორციულ ზომას. სასტიკად სცემეს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, აქტივისტ დავით ქაცარავას. ასევე სცემეს ალეკო ელისაშვილს. ნაცემია აქციის სხვადასხვა მონაწილეც.

შსს-სა და საგამოძიებო სამსახურს დღემდე არცერთ შემთხვევაზე სამართალდარღვევა არ გამოუვლენიათ და არავინ დაუსჯიათ.