ბერძენიშვილის თქმით, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში თბილისში მასობრივი აქცია ჩატარდება

პუბლიკა

„რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ოპოზიციის წევრთა შორის განსახილველ თემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერ ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში თბილისში დიდი და მასობრივი აქცია ჩატარდება. მისივე თქმით, ამ აქციაზე გაერთიანებული ოპოზიცია მნიშვნელოვანი შეთანხმებებით წარდგება ამომრჩევლის წინაშე და ეს აქცია იქნება საარჩევნო პროცესის სტარტი.

„ჩვენ ვმსჯელობთ იმ თემებზე, რომლებზეც მთელი ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს. იმაზე, თუ რა არსებითი ხასიათის ცვლილებები გვჭირდება ქვეყანაში, რას ავიღებთ წინასაარჩევნო ვალდებულებად, იქნება ეს სასჯელაღსრულების თუ სასამართლო სისტემა თუ სამართალდამცავი სისტემა მთლიანად. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი ინიციატივა, რომელიც ყველასთან ერთად დასამუშავებელია. ეს ინიციატივა ეხება იმას, რომ უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთობლივი შეთანხმებით უნდა აირჩიონ სასამართლოს წევრები, გენერალური პროკურორი და სპეცსამსახურის უფროსი. ამ თემებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ჩვენი კოჰაბიტაციის პერიოდის გავლა მოგვიწევს. არ ვაპირებთ, ვეცეთ თვითმმართველობას, რომელსაც ჩვენი სავარაუდო გამარჯვების შემდეგ თვეები ექნება დარჩენილი. რაც შეეხება ქუჩის აქციებს, ივანიშვილი ცდილობს ოპოზიცია კონსტიტუციური სივრციდან ამოაგდოს. ჩვენ მას ვეუბნებით, რომ ჩვენ დაგამარცხებთ მაინც არჩევნებით და ქუჩიდან ზეწოლას გავაძლიერებთ. ჩვენ მივესალმებით აშშ-ის განცხადებას, სადაც მკაფიოდ ნათქვამია, რომ ხელისუფლება დესტრუქციულ როლს თამაშობს.

ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვი, ჩამოსაყალიბებელი ვართ, მარტის ბოლო, აპრილის დასაწყისი – ეს ის პერიოდია, როცა თბილისში დიდი და მასობრივი აქცია გაიმართება. ამასთანავე ჩვენ გავალთ მნიშვნელოვანი შეთანხმებებით და მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმებებით და ეს აქციას იქნება საარჩევნო პროცესის სტარტი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.