ბერლინის კინოფესტივალის კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრის სტენდის დელეგაციას კიდევ 2 ადამიანი დაემატა. ბოლო მონაცემებით საბიუჯეტო ორგანიზაციის სტენდს 34 მონაწილე ეყოლება, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა.
კინობაზრობის (EFM) საიტის მიხედვით, დელეგაციას დაემატა პროდიუსერი ვერონიკა გაბრიაძე, რომელიც დელეგაციაში კინოექსპორტის სპეციალისტად არის გაფორმებული და ირაკლი ბერიძე, რომელიც სიაში რეჟისორის სტატუსით არის.
დელეგაციაში ასევე შედიან სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ისა და „იმედის“ თანამშრომლები. მათი ნაწილი გაფორმებულია, როგორც „პიარის დეპარტამენტის“ თანამშრომელი. სიაში ასევეა მომღერალი ნინი ბადურაშვილი და რეჟისორი ლეო გაბრიაძე.
30 იანვარს POSTV-ის წამყვანმა გური სულთანიშვილმა, რომელიც დელეგაციაში კინოექსპორტის სპეციალისტად გააფორმეს, „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ კინოცენტრთან ერთჯერადი თანამშრომლობის კონტრაქტი აქვს. სულთანიშვილი ადასტურებს, რომ გამგზავრების, ცხოვრების, აკრედიტაციის ხარჯებს კინოცენტრი ანაზღაურებს. „პუბლიკის“ ინფორმაციით, ასეთი ხელშეკრულებები სხვა წევრებთანაც გაფორმდა.
კინოცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, იურისტი ნინო კუხალაშვილი „პუბლიკასთან“ გასულ წელს დაწყებულ რეორგანიზაციას იხსენებს და ამბობს, რომ რამდენიმე თანამშრომელი სწორედ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ შრომითი ხელშეკრულების კვოტა 10-მდე შეამცირეს.
„რეორგანიზაციის დროს შრომითი ხელშეკრულების რაოდენობა 10-მდე შეამცირეს და რამდენიმე ადამიანი სწორედ ამ სამართლებრივი საფუძვლით გაათავისუფლეს. ახლა 10 ხელშეკრულება კი არა, როგორც ჩანს, 35-მდე გააფორმეს. თუ ახლაც შრომითი ხელშეკრულების რაოდენობა არ შეცვლილა, გამოდის, რომ კვოტა დაარღვიეს. თუ არ დაურღვევიათ და შეცვალეს, რატომ არ გვაქვს ეს ინფორმაცია? ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება… 7 თვის წინ სწორედ ამ მიზნით შეამცირეს თანამშრომლები, რომ „ოპტიმიზაცია“ მომხდარიყო“, – ამბობს კუხალაშვილი.
მისი თქმით, შრომითი კოდექსით, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების სხვადასხვა ვადით დადება, როცა ორგანიზაციას ამის საჭიროება აქვს.
„მაგრამ ვიცით, და პრაქტიკაც გვქონია, რომ ამდენი თანამშრომელი ვერ იქნება საჭირო. თუ ვიღაცა გჭირდება, უნდა ასაბუთებდე რისთვის გჭირდება და კინემატოგრაფისტი ვერ იქნება შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი, თუმცა დელეგაციაში ვნახეთ, რომ კინემატოგრაფისტები არიან. მათ შრომით ხელშეკრულებას არ უნდა უფორმებდე. ეს არასწორია. შეეძლოთ, სამგზავრო გრანტი გამოეყენებინათ“, – ამბობს ნინო კუხალაშვილი.
იურისტი „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, რომ არ შეიძლება POSTV-ის თანამშრომელი კინოექსპორტის დეპარტამენტის თანამშრომლად გააფორმო, მას თავისი ტელევიზია უნდა აფინანსებდეს.
„თუ რაიმე მიზნით ქირაობ, მაშინ გური სულთანიშვილი არ უნდა ამბობდეს, რომ პირადი Youtube-არხით არის დაინტერესებული და იქ უნდა გაუშვას თავისი გადაღებული მასალა. მას უნდა ეთქვა, რომ კინოცენტრისთვის რაღაცას აკეთებს – შრომითი ხელშეკრულება ხომ ამას ნიშნავს, რომ კინოცენტრს თავისი საჭიროებისთვის აჰყავს თანამშრომელი კონკრეტული, მოკლე ვადით“, – ამბობს კუხალაშვილი.
კუხალაშვილის შეფასებით, ამ მასშტაბის დელეგაცია, მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება საბიუჯეტო თანხების ფლანგვა და არამიზნობრივი ხარჯვაა.