ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალმა სექციების Panorama, Forum და Generation მონაწილე ფილმები გამოავლინა. „პანორამის“ მონაწილეებს შორისაა ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ახალი ფილმი – „გადაკვეთა“ (Crossing).
მთავარ როლს მსახიობი მზია არაბული ასრულებს. გადაღებები სტამბოლსა და ბათუმში მიმდინარეობდა. ფილმი შვედური, დანიური, ფრანგული, თურქული და ქართული კოპროდუქციაა.
„გადაკვეთა“ მოგვითხრობს პენსიაზე გასულ მასწავლებელ ლიაზე. ის დისშვილის საპოვნელად გაემგზავრება სტამბოლში, სადაც ტრანსი ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლ ადვოკატს გაიცნობს.
ლევან აკინი ქართველმა მაყურებელმა ფილმით „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გაიცნო.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში „ფორუმი“ ასევე შეირჩა ლანა ღოღობერიძის ახალი დოკუმენტური ფილმი „დედა-შვილი“.
ბერლინალე 15-25 თებერვალს გაიმართება.