ბერლინში ირაკლი კობახიძის ვიზიტის პარალელურად აქტივისტებმა აქცია გამართეს

პუბლიკა

ბერლინში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული ოცნების წევრებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების პარალელურად აქტივისტებმა აქცია გამართეს.

საქართველოს მთავრობამ კერძო სასტუმროში, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.

„არა რუსულ კანონს!“, „გამოდი!“, „არა რუსულ რეჟიმს!“,- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

აქციის ორგანიზატორი „მოძრაობა გზაა.“

როგორც ბერლინში მცხოვრები ქართველების ნაწილი ამბობს, ღონისძიებაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები დაპატიჟეს.

ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი –  საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„მოთმინებით ელოდებოდა ათწლეულების განმავლობაში გერმანია გაერთიანებას, გამთლიანებას და საბოლოო ჯამში 1989 წელს გერმანელებს ეს ოცნება აუხდათ. ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების ახდენა, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.