ბერლინში კობახიძისა და „ქართული ოცნების" წევრების ვიზიტის პარალელურად აქცია დაანონსდა

პუბლიკა

ბერლინში ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების” ვიზიტის პარალელურად, აქცია დაანონსდა. 21 ივნისს გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება, მას დაესწრებიან მმართველი პარტიის წევრები.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ აქციით „ქართულ ოცნებას” შეახსენებენ, რომ მათი „ადილი ევროპაში არ არის, რადგან ქვეყნის დასავლურ მომავალზე უარი თქვეს”.

„საქართველოს მთავრობა უტიფრად აგრძელებს საქართველოს საბოტაჟს. მათ ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და საფრთხეში აყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ დროს კი განაგრძობენ ევროპულ ვიზიტებს, რომლის ფარგლებში ისინი 21 ივნისს ბერლინს ეწვევიან , რათა აღნიშნონ ეროვნული დღესასწაული, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე წყნარი პერიოდია და გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იმყოფება დედაქალაქში.

ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის ქართულ ოცნებას, რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში,რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოქალაქეები 21 ივნისს 15:00 საათზე სასტუმრო ადლონთან ახლოს შეიკრიბებიან.