ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა - ივანიშვილის ადვოკატი

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის თქმით, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის საჩივარი; უცვლელი დატოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბანკს ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის $607 მილიონის გადახდა დააკისრა.

ამის შესახებ ადვოკატი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 „რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“,- წერს ლაშა კალანდაძე.

_______________________________________________________________

სინგაპურის სასამართლოს საერთაშორისო კომერციულმა პალატამ Credit Suisse-ს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მილიონის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკი არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და უგულებელყო ივანიშვილის აქტივების დაცვის ვალდებულება.

საქმე ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ გაკეთებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ივანიშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ლესკადრონმა მისი ავტორიზაციის გარეშე გამოიყენა ივანიშვილის აქტივები და ასობით მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა.

თავის მხრივ, ბანკი ამტკიცებდა, რომ ლესკადრონი დამოუკიდებლად მოქმედებდა და მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეკონტროლებინათ ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის მოქმედებები.

სინგაპურის სასამართლომ კი გადაწყვიტა, რომ Credit Suisse ივანიშვილის პირადი ბანკირის თაღლითურ ქმედებებზე პასუხისმგებელია და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.