ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „მიესალმება მთავრობის დაპირებას, რომ შეცვლის „უცხოური გამჭვირვალობის კანონს”.
ბერსემ თქვა:
„შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებით, რაშიც ვენეციის კომისიაც იქნება ჩართული და მოხდება იმ ცვლილებების იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში”.
მისი ეს განცხადება დააზუსტა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულების დირექტორმა, ჯანლუკა ესპოსიტომ.
მისი თქმით, მზად არიან, ექსპერტებთან, „განსაკუთრებით ვენეციის კომისიის ექსპერტებთან აქტიურად ჩაერთონ კანონმდებლობაში ცვლილებების შეთავაზებაში“.
„ვენეციის კომისიის მოსაზრება საჯაროა, ჩვენ ამ აზრზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ, რომ ამ ტიპის ნებისმიერი კანონმდებლობა სრულად შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს სტანდარტებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსიები მხარეებთან საქართველოში და შევიმუშავებთ საერთო სამუშაო ჯგუფს, რათა უზრუნველვყოთ მკაფიო ცვლილებები. დღეს 20 დეკემბერია და უახლოეს კვირებში აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე“.
ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც 2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნდა, „რუსული კანონი არსებული ფორმით არ უნდა იქნეს მიღებული”.
კერძოდ, დასკვნა აფასებს კანონის შესაბამისობას როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან, აგრეთვე „კანონისთვის“ აუცილებელი რეკვიზიტების/კრიტერიუმებისა და პროპორციულობის ტესტის თვალსაზრისით და ფაქტობრივად ყველა ინდიკატორის მიმართულებით აიდენტიფიცირებს კანონის იმგვარ პრობლემურობას, რაც საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიას აკეთებინებს მკაცრ რეკომენდაციას, რომ არსებული ფორმით კანონი არ უნდა იქნეს მიღებული. მთლიანობაში, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ კანონი არღვევს თანაზომიერების პრინციპის ყველა მოთხოვნას.