„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში მოამზადა ანგარიში „ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ გაერთიანებაზე „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ დაკვირვების შედეგები“, რომელშიც ერთ-ერთი თავი ეთმობა „ალტ-ინფოს“ რუსულ კავშირებს.
როგორც DRI-ის ანგარიშში ვკითხულობთ, ღიად პრორუსული „ალტ–ინფოს“ მიერ „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფუძნების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას, შესაძლოა, რუსული წყაროებიდან იღებდეს. იმის გათვალისწინებით, რომ „ალტ–ინფო“ და მისი პოლიტიკური წარმონაქმნი ღიად უჭერენ მხარს რუსეთთან საქართველოს დაახლოებას, შესაძლოა, ეს ეჭვები საფუძვლიანი იყოს.
„ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ პარტიის ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლო ებდნენ დამფინანსებლების ვინაობას. მათი განცხადებით, პარტია შემოწირულებების ხარჯზე ფუნქციონირებდა. შემოწირულებები კი ძირითადად კონსტანტინე მორგოშიასა და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისგან მოდიოდა, რომელთა ნაწილი უცხოეთში ეწევა საქმიანობას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, პარტიის დაფინანსების წყაროების შესახებ საზოგადოებრივი ინტერესი გააღრმავა კონსტანტინე მორგოშიას განცხადებამ რუსეთში მოლაპარაკებებზე წასვლისა და ფინანსური რესურსის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები პირებისგან მიღების შესახებ. მორგოშიას განცხადებას წინ უსწრებდა პარტიის ერთ–ერთი სახისა და ლიდერის, ზურაბ მახარაძის ინტერვიუ, რომ „საქართველოდან საქმეზე მიდის და ლაივებში ვეღარ იქნება“.
რუსეთთან კავშირების შესახებ არსებული ეჭვები გააღრმავა „ფლანგვის დეტექტორის“ განცხადებამ, რომ „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ–ინფოს“ ოფიციალური ვებგვერდის ჰოს ტინგი რუსეთში მდებარეობს. ჰოსტის ლოკაციის მიხედვით, პარტიის საიტზე განთავსებული მონაცემები მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს ინახება.
თავად მორგოშია რუსულ დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს.
ანგარიშში დასახელებულია რამდენიმე რუსი ჩინოვნიკი, რომლებიც, სავარაუდოდ, „ალტ-ინფოსთან“ არიან დაკავშირებული:
სერგეი ბესედა – რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოპერატიული ინფორმაციისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი
სერგეი ბესედა FSB-ის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა და მეხუთე სამსახურს ხელმძღვანელობს. ეს განყოფილებაა პასუხისმგებელი სხვა ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების წარმატებით მუშაობაზე, მათ შორის, უკრაინასა და საქართველოში.
68 წლის გენერალ-პოლკოვნიკი მეხუთე სამსახურის უფროსად 2009 წელს დაინიშნა. ის 2014 წელს მაიდანის მოვლენების დროს უკრაინაშიც ჩავიდა და იანუკოვიჩის მთავრობაში, უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს შეხვდა.
რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი ანდრეი სოლდატოვმა მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე სერგეი ბესედა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. რადგან სწორედ მას ევალებოდა უკრაინაში პრორუსული მოძრაობის გაძლიერება და უკრაინის ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა. თუმცა 19 აგვისტოს The Washington Post აშშ-ის სპეცსამსახურებიდან წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ ის თანამდებობიდან მოხსნეს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ ინფოს“ კავშირები ჰქონდა სერგეი ბესედასთან. წყაროს ინფორმაციით, სწორედ მას და მის საქმიანობას უკავშირდება პარტიაში საკადრო ცვლილებები. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ მახარაძემ თანამდებობა 2022 წლის მარტში დატოვა და მისი ადგილი დაიკავა პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქარდავამ.
„ამის შემდეგ მედიაში აქტიურად დაიწყო საუბარი კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე, რაც თითქოსდა მახარაძის მიერ რუსეთიდან გადმორიცხული ფულის გაფლანგვასთან იყო დაკავშირებული. პარტიის შიგნით განხეთქილება ზურაბ მახარაძეს არ დაუდასტურებია და თანამდებობიდან გადადგომა პირად პრობლემებს დაუკავშირა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის რესპონდენტი ამ საკადრო ცვლილებებს 2022 წლის მარტში რუსეთში სერგეი ბესედას დაპატიმრებას უკავშირებს. ის რუსეთში პრორუსული პარტიების კურატორად ითვლებოდა და საქართველოსა და უკრაინაში რუსული იდეოლოგიის პარტიებთან თანამშრომლობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბესედასა და მის მოადგილეს ბრალად ედებათ დაზვერვისთვის გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და არასწორი სადაზვერვო– ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის რესპონდენტის ინფორმაციით, ბესედას დაპატიმრებას ემთხვევა საქართველოში „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ–ინფოს“ სიტუაციის გაუარესებაც, რაც პარტიის შიგნით დაპირისპირებაში და რეგიონული ოფისების გახსნის ტემპის დავარდნაშიც გამოიხატა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ვერ შეძლო სხვა, ალტერნატიული წყაროებით „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ–ინფოსა“ და გენერალ ბესედას შორის კავშირების გადამოწმება.
კაზბეკ ტაისაევი – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და დსთ–ს საქმეთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
„კონსერვატიული მოძრაობის/ალტ–ინფოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარში გაიმართა რუსეთის დუმის დეპუტატებისა და „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთობლივი კონფერენცია ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა კაზბეკ ტაისაევი – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და დსთ–ს საქმეთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ანგარიშის მიხედვით, კაზბეკ ტაისაევი 11 მარტს მოხვდა აშშ–ს მიერ ინდივიდუალურად სანქცირებული პირების სიაში, სხვადასხვა წყაროს ცნობით კი, ის „ალტ–ინფოს“ კურატორი და ლობისტია. ის ხშირად მართავდა ვიდეოკონფერენციებს ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, რომელთა შორისაც იყვნენ „კონსერვატიული მოძრაობისა“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები.
რუსულ მედიაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ტაისაევი და მისი ოჯახის წევრები დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას ფლობენ. ქონების ნაწილი მოსკოვში მდებარეობს. ტაისაევის ვაჟი 2019 წლიდან დასაქმებულია რუსეთის საგარეო სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე. თავად ტაისაევი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან დაახლოებული და მათი ნდობით აღჭურ ვილი პირია. ტაისაევის 2020 წლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავლებმა 5.5 მილიონი რუბლი შეადგინა. სავარაუდოა, რომ ოფიცი ალურად დეკლარირებული ქონების გარდა, იგი გაცილებით დიდი კაპიტალის მფლობელია.
არტიომ ტუროვი – სახელმწიფო დუმის დეპუტატი და დსთ–ს საქმეთა, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
არტიომ ტუროვიც კაზბეკ ტაისევთან და „ალტ-ინფოსთან“ ერთად ასევე მონაწილეობდა 2021 წელს გამართულ კონფერენციაში. მის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც სმოლენსკის რეგიონული დუმის დეპუტატად აირჩიეს. 2015 წლიდან ის რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.33 ტუროვმა ძალიან ახალგაზრდამ მიაღწია წარმატებას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოების საქმეში. კვლევის ინფორმატორის ცნობით, იგი ბიზნესსაქმიანობასაც ეწევა და არაოფიციალურად ფლობს დიდი რაოდენობით ქონებას. 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით ტუროვი 5.6 მილიონი რუბლის მფლობელია.34 საქარ თველოსთან დაკავშირებული საკითხები მისი ინტერესის სფეროა. 2022 წლის 30 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შესაერთებლად. არტემ ტუროვი ამ შემოთავაზებას მიესალმა:
„ეს გადაწყვეტილება იძლევა თვითგამორკვევის უფლებას, უნარს, განვსაზ ღვროთ როგორც ჩვენი მომავალი, ასევე, განვითარების ვექტორი. ჩვენთვის კი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან 2008 წელს რუსეთმა ღიად დაუწყო წინააღმდეგობის გაწევა დასავლეთის ერთიან ზეწოლას. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული მოვლენაა. ვფიქრობ, რომ, როგორც რუსი, ასევე ოსი ხალხები, მხარს დაუჭერენ ამ გადაწყვეტილებას“.
კვლევის ინფორმატორის განცხადებით, ტუროვსა და ტაისაევს ახლო კავშირები აქვთ „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ–ინფოსთან“ და ჩართულები არიან მათ დაფინანსებაში.