ამ წუთებში მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც მოსამართლეების საკითხს კენჭი უნდა უყაროს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პროცესი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით წარიმართა, იყო ღია და გამჭვირვალე. მან კოლეგებს პროცესის ამგვარად წარმართვა მიულოცა.
განხილვას ესწრება ეკა ბესელიაც, რომელიც ამბობს, რომ სხდომა რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობს, რაზეც ოხანაშვილი პასუხობს, რომ გაეცნოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის მუხლს.
„მე რომ პარლამენტის რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი” – უპასუხა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.
ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი და ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი. მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.
არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.