ბესელიამ მოსამართლეების არჩევის შესახებ შვიდპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

პუბლიკა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის შვიდპუნქტიანი გეგმა წარადგინა.

ბესელიას მიერ წარმოდგენილი გეგმა ეხება უზენაეს სასამართლოში დარჩენილ  ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეების არჩევას და სხვა ცვლილებებს.

1. საჭიროა, შეჩერდეს დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეების შერჩევა.

„ახლა საჭიროა შეჩერდეს პროცესი დამატებით ახალი მოსამართლეების არჩევის. როგორც იუსტიციის საბჭოში, ისე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და პარლამენტში. მათ აღარ აქვთ არგუმენტი, რომ სასამართლო ვერ იფუნქციონირებს.  იმ ვითარებაში, როცა გაკრიტიკებულია ყველას მიერ ის პროცედურა, რითაც მიმდინარეობს ახლა შერჩევის პროცესი, ეს ნიშნავს, რომ ახალი პოზიციებისა და ახალი კანდიდატების განხილვა აღარ უნდა მოხდეს“, – თქვა ბესელიამ.

 2. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ნორმა, რომელიც აქვს გასაჩივრებული სახალხო დამცველს.

„ამ ნორმის საფუძველზე ხდება სწორად შერჩევა ახალი მოსამართლეების და მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. ამით ხელი უნდა შეეშალოს იუსტიციის საბჭოსაც და პარლამენტსაც,  ამ საზიანო, ცუდი, არაკონსტიტუციური, არადემოკრატიული პროცედურით არ მოხდეს ახალი კანდიდატების არჩევა“, – ამბობს ბესელია.

3. ახალი კანონპროექტი, რათა იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს მოსამართლეების დაკომპლექტების შესაძლებლობა.

„შემდეგ კვირას მე წარვადგენ ახალ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი არის თავსებადი და ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიას, ეუთოს, ODIHR, ევროსაბჭოს მომხსენებლების, ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს  ერთობლივი დოკუმენტით იყო ნაკარნახევი და ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს, იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდეს კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა“, – განაცხადა ბესელიამ.

4. პარლამენტმა კენჭი უყაროს რეზოლუციას „კლანური მმართველობის “შესახებ.

„პარლამენტს მივმართავ, რომ რეზოლუციას, რომელიც უკვე არის პარლამენტში, კლანური მმართველობის შესახებ და მიზნად ისახავს კონკრეტულ გეგმას, კენჭი უყაროს და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს“, – თქვა ბესელიამ.

5. ჩატარდეს კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამოწვევის შესახებ.

„უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. კენჭისყრაზეა გაჩერებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხი და ამ საკითხზე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა საბჭოს აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა კვორუმის მობილიზების და მისთვის სასურველი, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღების“.

6. გაფორმდეს წერილობითი მემორანდუმი ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებიც, სავარაუდოდ, პარლამენტში შევლენ. შევიდეს კონსტიტუციაში ცვლილება, რათა გაუქმდეს მოსამართლეთა უვადოდ არჩევა.

„გაფორმდეს შეთანხმება, მემორანდუმი, რომლითაც ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, საზოგადოების, ხალხის წინაშე, რომ კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გაუქმდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევა, დადგინდება მოსამართლეთა ვადიანი განწესების წესი“, – თქვა ბესელიამ.

7.  საკონსტიტუციო ცვლილებით, მოსამართლეები, ვისაც რეპუტაცია არ აქვთ, წავლენ სახლში და მოხდება ახალი კადრების შემოყვანა სისტემაში.

„ეს მოსამართლეები, რომლებსაც რეპუტაცია არ აქვთ, წავლენ სახლში  და მოხდება ახალი კადრების შემოყვანა სისტემაში, ვისაც აქვს რეპუტაცია და კარგი კვალიფიკაცია“, – თქვა ბესელიამ.


პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია 14 კანდიდატი.

ესენი არიან: მერაბ გაბინაშვილი;  მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; გიორგი მიქაუტაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; შალვა თადუმაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე.

არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხვავებული აზრის გამოხატვას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.