ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი არმაზ ახვლედიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების დროს ხელისუფლების და ოპოზიციის შემადგენლობით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნის და დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოვიდა. ახვლედიანის თქმით, შესაძლოა, პროცესში ჩართონ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელიც.
არმაზ ახვლედიანის თქმით, პოლიტიკოსებმა სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა განსაზღვრონ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, უკრაინის საკითხი, აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობა, ევროკავშირის კითხვარი, სააკაშვილის საკითხი და ა.შ.
ახვლედიანის თქმით, ამ მსჯელობის მიზანი უნდა იყოს, რომ სხვადასხვა საკითხზე კონსესუსის პოვნით მოხერხდეს საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობის პრობლემის მოგვარების გზა.
„მე გთავაზობთ, თუ შეიძლება, ვიფიქროთ იმაზე, რომ პარლამენტში შევქმნათ ჯგუფი დაკომპლექტებული უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლობით, სადაც ვიმსჯელებდით იმ თემებზე, რაზე საუბარს ვერ ვახერხებთ საპარლამენტო რეგლამენტის, სხვა პროცედურების გამო. თითქოს, პარლამენტია და სასაუბრო ადგილიც ეს არის, მაგრამ არ გამოგვდის. შესაძლოა, კამერების თვალწინ არ გამოგვდის, ამიტომ გთავაზობთ ასეთი ჯგუფის შექმნას და განვსაზღვროთ დღევანდელი საქართველოსთვის რამდენიმე ყველაზე არსებითი საკითხი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მისი თქმით, შეიძლება ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლებიც.
„მაგალითად, მე ვიტყოდი, რატომაც არა: ბესიკ ხარანაული, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე… მოისმინონ და, შესაძლოა, არაფერი თქვან, მაგრამ მერე შეაფასონ. გთხოვთ, იფიქროთ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი მტკიცებით, პოლიტიკურ სპექტრში არსებულ პრობლემას დიალოგის გზით დაუყოვნებლივი მოგვარება სჭირდება.
„ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, კიდევ დადგება სამშაბათი და კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ ერთ უბედურ დღეს, შეიძლება, ისეთ კრიზისში აღმოვჩნდეთ, რომ ყველა საუბარი იყოს გვიან“, – თქვა მან.