ბესო გაზდელიანის ადვოკატი: უთხრეს, რომ თითქოს მას კავშირი ჰქონდა უცხოეთის სპეცსამსახურებთან

პუბლიკა

9 მარტს, გამთენიისას 5:30-ზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო გაზდელიანის ოჯახში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა, რომლებსაც არ განუმარტავთ, რის საფუძველზე შეიჭრნენ სახლში, გაზდელიანს უთხრეს, რომ თითქოს მას კავშირი ჰქონდა უცხოეთის სპეცსამსახურებთან და სახლში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღებს.

ადვოკატის თქმით, ჩხრეკის შედეგად რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ყოფილა ამოღებული. მისივე თქმით, ბესო გაზდელიანის სახლის ჩხრეკამდე, სამართალდამცველებმა გაზდელიანის ოჯახის ახლობელი სხვა პირების სახლებიც გაჩხრიკეს.

„სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია ბესო გაზდელიანის საცხოვრებელი ბინის შესახებ და ისინი შეცდომით შევიდნენ ბესო გაზდელიანის მეზობლად მდებარე სახლებში. ერთ-ერთი ოჯახი იყო ბესო გაზდელიანის სიძის ოჯახი. სადაც შეიჭრნენ სამართალდამცველები სპეცრაზმთან ერთად. ოჯახის წევრებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დააგდეს ძირს, თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. როცა მიხვდნენ, რომ არასწორ მისამართზე შევიდნენ, მოუხადეს ბოდიში, გამოვიდნენ და სხვა ოჯახში შევიდნენ. მეზობელი გლოვოს კურიერია, მელოტი ბიჭი ყოფილა და იფიქრეს, რომ ბესო გაზდელიანი იყო.  შეეშალათ. ბოლოს შეიჭრნენ ბესო გაზდელიანის ოჯახში. ბესო გახლავთ 7 შვილის მამა. არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დააგდეს ძირს, მოახდინეს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა“, – განუცხადა „პუბლიკას“ გაზდელიანის ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ჩხრეკის შემდეგ წაიღეს პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, მის სახელზე რეგისტრირებული კაბელური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა ნივთები.

„ზუსტად მაგაში მდგომარეობს რეიდერული თავდასხმა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და კანონიერების საფუძველზე. მათ არ ეცადნენ, რომ ბესო გაზდელიანთან დაემყარებინათ ცივილიზებული კომუნიკაცია. წარედგინათ მისთვის სასამართლო განჩინება, ან დადგენილება დაუყოვნებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე. ისინი უბრალოდ შეიჭრნენ, დაიწყეს ჩხრეკა, დაარბიეს ოჯახი. ეს იწვევს სამართლიან პროტესტს გაზდელიანების ოჯახის მხრიდან. მე, როგორც უფლებადამცველი ვითხოვ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყოს გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ისინი შეიჭრნენ იმ საცხოვრებელ ბინებშიც, რომლებზეც არ ჰქონდათ რაიმე განჩინება ჩხრეკის ჩატარებაზე, გადაამეტეს უფლებამოსილებას და ადამიანს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენეს“, – ამბობს დავით ციცქალაძე.

ბესო გაზდელიანი „მთავარი არხის” ჟურნალისტის, ნინო გაზდელიანის ძმაა, რომელიც ამბობს, რომ შეიარაღებული პირები სახლში იმ დროს შევიდნენ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ

„შეიარაღებული ადამიანები შევიდნენ ჩემი მეორე ძმის კერძო სახლშიც, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ასევე, ცხოვრობს ჩემი ძმის, ბესოს, შვილი მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. რომ შევიდნენ ჩემს მძინარე სიძეს დაარტყეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ორი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ. ასევე, მეორე ძმის შვილების სახლში, ორ ოჯახში შევიდნენ, ჩემ ძმის შვილს ჰყავს 10 თვის ბავშვი. შევიდნენ ჩემი ბიძაშვილისა და მამიდაშვილის სახლებშიც”, – ამბობს ნინო გაზდელიანი.

ბესო გაზდელიანის სახლის ჩხრეკის ფაქტზე „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა. უწყებებში განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.