ბესო ზანგური, რომელიც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში ამხილა, მოსკოვში, სტუდიაში მუშაობს 

პუბლიკა

ბესო ზანგური, რომელიც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში ამხილა, მოსკოვში, სტუდიაში მუშაობს

მსახიობი ბესო ზანგური მოსკოვში, თეატრალური სტუდიაში მუშაობს, რომელსაც ჰქვია Не горюй – არ დაიდარდო.

ამის შესახებ ტელეგრამ არხზე წერია, სახელწოდებით „ქართული თემი რუსეთში”.

ინფორმაციის თანახმად, სტუდია ბუტირსკაიას 15-ში მდებარეობს.

ფეისბუქ ჯგუფში, სახელწოდებით „ქართველები მოსკოვში” ამაზე 2024 წლის 7 თებერვალს თავად ბესო ზანგურმაც დაწერა – ის ბინას ეძებდა.

„ვეძებ ბინას ბუტირსკაიაზე, თუ 15 ნომერთან ახლოს იქნება, ძალიან დამეხმარება, რადგან ტრანსპორტი არ დამჭირდება სტუდიამდე, რომელიც გაიხსნა თქვენი თბილი დამოკიდებულების და დახვედრის გამო”. – წერდა ის.

2021 წელს მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ ისაუბრა.

მან თქვა, რომ ბესო ზანგური მას სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, ორსულობის დროს და შემდგომში, ბავშვის თანდასწრებითაც. მაყაშვილისვე თქმით, ყოფილი ქმრისგან ძალადობის ამბავი წლების შემდეგ მოყვა იმიტომ, რომ აღარ ეშინია და უნდა, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს.

ბესო ზანგურს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ თქვა, რომ “ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები”.

რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ბესო ზანგური დღემდე ირიცხება, მაშინ თქვა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს. მას შემდეგ ზანგური თეატრიდან არ გაუთავისუფლებიათ. თუმცა, სასცენო როლები არ ჰქონია.