„ბევრ კითხვას სვამ, კოლეგებს აწუხებო“ - ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციაში აღარ შეუშვეს

პუბლიკა

BMG-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია ამბობს, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის სხდომა უნდა გაეშუქებინა, არ შეუშვეს.

„არ ვიცი, რა ვთქვა – საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს.
მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა – სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ – ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ.”, – წერს ის. 

ჟურნალისტის ვარაუდით, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა მისმა სიუჟეტმა, რომელიც 9 სექტემბერს გავიდა.

მისი თქმით, სიუჟეტი შეეხებოდა საკითხს, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია, მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოქვეყნებულა საჯაროდ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე პირველი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გამოვიდა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ დაუშვეს ადმინისტრაციაში BMG-ის რედაქტორი თელარა გელანტია.

მინისტრმა უპასუხა, რომ მან ამის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო და ამაზე, ალბათ, პრესცენტრი გააკეთებს ინფორმაციას.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს. ისინი ჩვენს სატელეფონო ზარს, ჯერჯერობით, არ პასუხობენ.