გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, სავარუდოდ, ენმ-ის ორმა წევრმა სესიის ოთახში უცნობი ნივთიერება დაასხა, რის შემდეგაც, პარლამენტის წევრების თქმით, დარბაზში დადგა მძაფრი სუნი და პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვეს, გამოეცხადებინა ტექნიკური შესვენება. თალაკვაძემ შესვენება უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო გამოაცხადა.
სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ მძაფრი სუნის გამო ისინი შეუძლოდ გახდნენ.
„რაღაც დაასხეს და ცუდად გავხდით. რა ნივთიერებაა, ამას შესაბამისი სამსახური დაადგენს“. – განაცხადა ნინო წილოსანმა დარბაზის დატოვების შემდეგ. „ტვ პირველის“ კადრებში ჩანს, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა ენძელა მაჭავარიანიც. მისივე თქმით, მიზეზი მძაფრი სუნი გახდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარბაზში ნივთიერება ლელა ქებურიამ და ირმა ნადირაშვილმა დაასხეს, რაც „პუბლიკასთან“ საუბრისას ლელა ქებურიამ უარყო.
პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ კენჭისყრა უნდა გამართულიყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან 14-ზე იურიდიულმა კომიტეტმა დადებითი რეკომენდაცია გასცა.
პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ.