„ბევრი მეკითხება, რატომ ფოთი და რატომ ხუთი ნომერი“ | უგულავა მერობის კანდიდატად წარადგინეს

პუბლიკა

პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა დღეს ოფიციალურად წარადგინა. გიგი უგულავას კანდიდატურას ფოთში ოპოზიციის ნაწილიც უჭერს მხარს.

გიგი უგულავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია იყაროს კენჭი ფოთში მერობის კანდიდატად. მან ხაზი გაუსვა, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული მოქალაქე „საბოლოო განაჩენს გამოუტანს და გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“.

„ვხედავ ბევრ გაკვირვებულ თვალებს და ბევრი მეკითხება ბოლო დღეებია – რატომ ფოთი, რატომ მე და რატომ 5 ნომერი. ერთი მარტივი პასუხი მაქვს, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი.

შესაძლოა ბევრმა ადამიანმა თქვას რა გინდა, ამხელა ქალაქის მერი იყავიო, თუმცა ერთია, როდესაც შენ ხარ ხელისუფლების კანდიდატი და მეორეა, როდესაც მხარს უჭერ ბრძოლას უკეთესი ქვეყნისთვის. ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ ხარჯავს, ცენტრალური მთავრობა უკან აბრუნებს კაპიკებს. მეტი მონდომებაა საჭირო, რომ ქალაქმა მეტი რესურსი მოიზიდოს ფოთელებისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

… მატყუარაა ყველა ვინც იტყვის, რომ ახლა ახალ მერს ავირჩევთ და მერე ყველაფერი გამოსწორდებაო, უარი უნდა ვთქვათ ისეთ თვითმმართველობაზე და მერებზე, რომელთაც საკუთარი ჩრდილისაც ეშინიათ და აპირებენ, რომ მხოლოდ ემსახურონ ოლიგარქს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მან თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ნომერს, მთავარია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომრის გარდა ნებისმიერი შემოხაზონ მოქალქეებმა.