ქალთა საერთაშორიოს დღესათან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი განცხადებას ავრცელებს.
ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს -„ძლიერი ქალები, ძლიერი საქართველო“.
კამპანია სოციალური მედიის მეშვეობით ჩატარდება და მარტის განმავლობაში გაგრძელდება. კამპანიის მიზანია ხაზი გაუსვას ქალების როლს და ასევე წარმოაჩინოს ის გამოწვევები, რომლის წინაშე ისინი კვლავაც დგანან.
„უკვე, ორწელიწადნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები, თუ პოლიტიკოსები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად.
ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ასრულებს სახლში ბავშვების, თუ მოხუცების მოვლისას.
მათი წვლილი ძალზედ მნიშვნელოვანია და, მაინც, ქალები საშუალოდ მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებულია სახლს გარეთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან, ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია. საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, “- ამბობს კარლ ჰარცელი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ დღესთან დაკავშირებით მისი გზავნილია – ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.