ბევრი რამეა ემოციებსა და მოლოდინებზეა დამოკიდებული, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ლარის კურსი მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი არ არის, საქართველოში არის სოციალური ფაქტორიც. პრემიერის თქმით, ბევრი რამეა დამოკიდებული ემოციებსა და მოლოდინებზე და შესაბამისად, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. იმიტომ, რომ მიუხედავად გლობალური კრიზისისა, საქართველო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებშია.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამეა დამოკიდებული ემოციებსა და მოლოდინებზე. გასაგებია, რომ გლობალური პანდემიაა, გასაგებია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია. შესაბამისად, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს.

არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როცა პირველი ტალღა იყო ინფიცირებულების, მაშინაც მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდეგ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ სწრაფად დაიწყოს ჩვენი ეკონომიკური აღდგენა, რაც პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელიც სოხუმის დაცემის დღესთან გმირთა მემორიალთან მივიდა.