ხვალ, 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შვეიცარიაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იქნება. ეს მისი პირველი ფიზიკური ვიზიტი იქნება ფორუმზე 2020 წლის შემდეგ – წინა წლებში ის ფორუმს დისტანციურად მიმართავდა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა, მას ბევრი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. საუბრის თემა გრენლანდია იქნება. მან ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა, გრენლანდიის საკითხზე ტარიფების გარდა, სხვა ინსტრუმენტებიც გამოიეყენოს.
დღევანდელ ბრიფინგზე ტრამპს ჰკითხეს, სურს თუ არა, რომ აშშ დარჩეს NATO-ს შემადგენლობაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან, ხოლო ალიანსი კიდევ უფრო ძლიერი გახდა მას შემდეგ, რაც თვითონ გახდა პრეზიდენტი.
„არავის გაუკეთებია NATO-სთვის იმდენი, რამდენიც აშშ-ს, ნებისმიერ მიმართულებით“. – თქვა დონალდ ტრამპმა.
ტრამპს BBC-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა NATO-ს დაშლა ის ფასი, რისი გადახდაც აშშ-ს გრენლანდიის სანაცვლოდ სურს.
„NATO ბედნიერი იქნება, ყველა ბედნიერი იქნება“ – თქვა მან. BBC ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ამით მიანიშნა NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდაზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაკარგა ნორვეგიის მიმართ პატივისცემა, ვინაიდან მას არ მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. 19 იანვარს დონალდ ტრამპმა წერილი გაუგზავნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს, სადაც აღნიშნა, რომ ვინაიდან ნობელის პრემია არ მიენიჭა, „აღარ გრძნობს ვალდებულებას, იფიქროს მხოლოდ მშვიდობაზე.
„[მშვიდობა] ყოველთვის დომინანტური იქნება, მაგრამ ახლა შემიძლია ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის კარგი და შესაფერისი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“. – წერია ტრამპის მიერ ნორვეგიის პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში.
„გრენლანდია აუცილებელია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, უკან დასახევი გზა არ არსებობს, ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა“, – დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის, Truth Social-ის მიხედვით, ასე უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმაNATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს სატელეფონო საუბარში.
რამდენიმე თვეა, აშშ პრეტენზიას აცხადებს გრენლანდიაზე, რომელიც დანიის სამეფოს შემადგენლობაშია. დანია და ევროკავშირი აშშ-სთვის გრენლანდიის გადაცემას ეწინააღმდეგება.
დონალდ ტრამპი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამატებითი ტარიფების დაწესებით რამდენჯერმე დაემუქრა. პასუხად ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ გრენლანდიაზე სიმბოლური რაოდენობის სამხედრო კონტინგენტი განათავსა.
17 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1 თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე დარჩება, სანამ აშშ-ის მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
ევროპელმა ლიდერებმა ასევე არაერთხელ განაცხადეს, რომ ტარიფები „ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს“. მათ შორის, ეს თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
განცხადებები გაკეთდა 20 იანვარს დავოსშიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ აღნიშნული „ძირს უთხრის ევროპის საექსპორტო ინტერესებს, მოითხოვს მაქსიმალურ დათმობებს და ღიად ისახავს მიზნად ევროპის დასუსტებასა და დამორჩილებას”, თუმცა, მისივე თქმით, ევროპას წინააღმდეგობის გასაწევად ძლიერი ინსტრუმენტები აქვს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის და ამას არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის“.
კალასმა ისაუბრა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს გრენლანდიას და დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში“ და რომ „სუვერენიტეტით არ ვაჭრობენ“.
„გრენლანდია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს საიდუმლო არ არის. მის მახლობლად საკვანძო წყალქვეშა მარშრუტებია, ხოლო თავად კუნძულზე – მნიშვნელოვანი ნედლეული, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის.
გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის ამას. სუვერენიტეტით არ ვაჭრობენ. ევროკავშირი ეჭვების გარეშე უდგას გვერდში გრენლანდიას და დანიის სამეფოს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები ისეთ ვითარებას ქმნის, რომლის გამოცდილებაც აქამდე არ გვქონია. ჩვენი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდის შენარჩუნება, ჩვენი პოზიციის დაცვა და ერთიანი მოქმედება“, – თქვა კაია კალასმა.
ამავე დროს, ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის გამო ტარიფებზე ტრამპის მუქარების ფონზე ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი გაყინა.
შეთანხმება, მათ შორის, ითვალისწინებდა ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას.
ევროპარლამენტი შეთანხმების კენჭისყრას მომდევნო კვირებში გეგმავდა.