ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე რუსეთის პატრიარქის, კირილისგან მიღებული წერილობითი თხოვნის შემდეგ შეიწყალეს და ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეში გაცვალეს. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
„მისი უწმინდესობის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის თხოვნის შესაბამისად, ანატოლი ბიბილოვმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ დაეწყოთ მუშაობა საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ვ. გობზოვის გაცვლაზე, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან დააკავეს.
პატრიარქ კირილის თხოვნის შესაბამისად, ანატოლი ბიბილოვმა ჰუმანური პრინციპებით იხელმძღვანელა და გამოსცა გახელაძის შეწყალების აქტი“, – წერს ოსური სააგენტო „რესი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
სააგენტო წერს, ზაზა გახელაძემ კი პრეზიდენტის სახელზე შეწყალების წერილი დაწერა და ჰუმანური გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობა გადაუხადეს ბიბილოვს გობზოვის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტს მის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდნენ.
ზაზა გახელაძე ციხნვალმა თბილისს 19:00 საათზე გადმოსცა და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გადმოვიდა. გობზოვი კი, სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ცხინვალს გუშინ გადასცეს.
ზაზა გახელაძე რუსმა ჯარისკაცებმა ერთი წლის წინ, 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან ფეხში დაჭრეს და დააკავეს.
ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენა – „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“.
დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ზაზა გახელაძემ ერთ-ერთ სამხედროს ესროლა. თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით ეს ბოლომდე არ დადასტურებულა. ცხინვალის სასამართლომ გახელაძეს 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი გახელაძის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს და საქართველოს ხელისუფლებას მის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვდნენ. გახელაძის ოჯახის წევრებმა მოგვიანებით საპროტესტო აქციებიც დააანონსეს, თუმცა მაისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აქცია აღარ გამართეს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც გახელაძე პატიმრობიდან არ გათავისუფლდა, 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს, მისმა ოჯახის წევრებმა საპროტესტო მსვლელობა მაინც გამართეს. ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლასაც გეგმავდა, მაგრამ მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა, რომ პატრიარქმა გადასვლის გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა და მას დაემორჩილა.