ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ! არ დაგემორჩილებათ? - დაიმორჩილეთ - დეკანოზი ჟურნალისტზე

პუბლიკა

ქუთაისის სამების ეკლესიის დეკანოზმა ილია კარკაძემ თავის მრევლს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ეკლესიიდან გაძევებასა და გაკოჭვისკენ მოუწოდა. „ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ! არ დაგემორჩილებათ? – დაიმორჩილეთ“, – მიმართა ეკლესიაში შეკრებილებს სასულიერო პირმა, ჟურნალისტს გადაღება აუკრძალა და პატრულის გამოძახება მოითხოვა.

„აი, ასეთი თავხედობა ჩვენს ეკლესიაში არ დაუშვათ, პირდაპირ ლოცვა-კურთხევას გაძლევთ. შენ ვიდეოს შეაბრუნებ, დედაკაცი რომელიმე გადით, პირდაპირ სამმა-ოთხმა დაურეკეთ პატრულს, რომ ეკლესიაში შემოიჭრა ტელეგადამღებები და ასე თავხედურად გვიშლიან ხელს წირვაში.

ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ! არ დაგემორჩილებათ? – დაიმორჩილეთ. პირდაპირ ლოცვა კურთხევას გაძლევთ. ანახებენ რანაირი სპორტსმენები გაუზრდია და რანაირი ძალა გვაქვს იმასაც. ხელის დარტყმა არა, გაკოჭეთ! 3-4 კაცი კი არა, ათ კაცს გაკოჭავთ, იმნაირი მუტრუკები ხართ. ასე ეკუთვნით და ჩავაბაროთ პატრულს“, – მოუწოდა ამბიონიდან ეკლესიაში შეკრებილ მრევლს დეკანოზმა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ილია კარკაძის გაღიზიანება ბზობას მომზადებულმა სიუჟეტმა გამოიწვია, რომელშიც სასულიერო პირების მხრიდან ბზის გაყიდვაზე იყო საუბარი. „მთავარი არხის“ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტთან საუბარში დეკანოზი ეკლესიაში მედიის წარმომადგენლების შესვლასა და გადაღებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამს. „მე რომ თქვენს ტელევიზიაში მოვიდე და ჩემი ჭკუით დავიწყო, მომცემს დაცვა ან ვინმე მაგის საშუალებას?“, – ეკითხება მღვდელი ჟურნალისტს, რომელიც პასუხობს, რომ ეკლესიისგან განსხვავებით ტელევიზია კერძო საკუთრებაა. „ეს უფრო მეტი, ქრისტეს საკუთრებაა“, – ამბობს საპასუხოდ დეკანოზი ილია კარკაძე.