კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს – იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, როგორც პროკურორი ბექა ხუნაშვილი განმარტავს, „ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე არსებობს, ბრალდებულების თავისუფლებაში ყოფნა გამოძიებას ხელს შეუშლის, ვინაიდან შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინონ და მტკიცებულებები გაანადგურონ“.
ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც სუსის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელია საქართველოში არ იმყოფება. მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაიკიძის მიერ საქართველოს დატოვება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
ირმა ჭკადუას თქმით, საგამოძიებო ორგანომ პაიკიძეს პასპორტი გაუუქმა, მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა, ამის შესაძლებლობას მოკლებულია.
„სასამართლოს გადაწყვეტილება მიმაჩნია, რომ არ არის კანონიერი და არ არის დასაბუთებული, ისევე, როგორც არ იყო დასაბუთებული ბრალდების მხარის პოზიცია. ესწრებოდით სასამართლო სხდომას და ყველამ ერთად ვნახეთ პასპორტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. ბიჭიკო პაიკიძეს პასპორტი ფიზიკურად ხელში აქვს, მაგრამ მისი მოქმედება არის შეჩერებული. მას ძალიანაც რომ უნდოდეს იმ პასპორტით ვერ გადაადგილდება, რაც ერთის მხრივ მაფიქრებინებს იმ სურვილების არარეალურობას, რომელი სურვილებიც თითქოსდა გამოხატა ბრალდების მხარემ მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით“, – ამბობს ადვოკატი, ირმა ჭკადუა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სუსმა 5 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან BP Trans-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი. ბიჭიკო პაიკიძეზე კი, რომელიც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია, ძებნა გამოცხადდა.
სუსი ამბობს, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდების მოპირკეთების სამუშაოების განხორციელებისას შპს B.P. TRANS-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ვალერიანე კვარაცხელიას, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.