ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის B.P. TRANS-ის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კვარაცხელიამ დღეს სასამართლოში ბრალი აღიარა.
პროკურატურის ვერსიით, ბიჭიკო პაიკიძე, ვალერიან კვარაცხელიასა და კიდევ 4 პირის დახმარებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 მილიონზე მეტ ლარს დაეუფლა.
ვალერიან კვარაცხელიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა დააყენა, რასაც პროკურორიც დაეთანხმა.
დანარჩენი ბრალდებულები, მათ შორის, ბიჭიკო პაიკიძე, კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
ბიჭიკო პაიკიძე დაკავებული არაა, ის საზღვარგარეთაა და ადვოკატის მტკიცებით, გაუქმებული პასპორტის გამო ვერ ბრუნდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სუსმა 5 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან BP Trans-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი. ბიჭიკო პაიკიძეზე კი, რომელიც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია, ძებნა გამოცხადდა.
სუსი ამბობს, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდების მოპირკეთების სამუშაოების განხორციელებისას შპს B.P. TRANS-ის 100%-იანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ვალერიანე კვარაცხელიას, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ.-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.