ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეების, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანის მიერ რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო არსებული ტერიტორიის, სანაპიროსა და საზღვაო სივრცის რუსეთისთვის განსაკარგავად გადაცემას ითვალისწინებს.
აფხაზეთის დე ფაქტო საზოგადოებრივმა პალატამ სთხოვა ხელისუფლებას, შეთანხმების რატიფიცირებამდე ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლოს გადაცემის საკითხი და მისი შესაბამისობა აფხაზურ კონსტიტუციასთან.
წერილი გაავრცელეს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა დეპუტატებმაც და მოუწოდეს ხელისუფლებას, შეაჩეროს რატიფიცირების პროცესი.
პოლიტიკური პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერმა, სერგეი შამბამ კი განაცხადა, რომ ტერიტორიის გადაცემა რუსეთთან „ძმურ ურთიერთობას“ გააღრმავებს და გაზრდის „აფხაზეთის უსაფრთხოებას“.
როგორც „ეხო კავაკაზა“ წერს, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 19 იანვარს რუსეთის ხელისუფლებასთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთის მფლობელობაში გადადის, მის გარშემო 190 ჰექტრამდე მიწას და აგარაკის საზღვაო სივრცეს კი რუსეთი 49-წლიანი იჯარით იღებს. თუმცა, შეთანხმების შესახებ აფხაზური საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
შეთანხმების ძალაში შესვლისთვის ახლა საჭიროა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირება. ბიჭვინთის მისთვის გადაცემას რუსეთი 1995 წლიდან ცდილობს, მაგრამ აქამდე მთლიანი კურორტი ვერ მიიღო.