„ქართულმა ოცნებამ” პარტიის ოფისში თვითმმართველობის არჩევნებში „გამარჯვება” აღნიშნა. სცენაზე გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი.
მან თქვა:
„გილოცავთ, გილოცავთ. მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება. დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს. საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან. ეს არის რეალური შედეგი. ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ამით ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს წინაპარს. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი. რაღაც დროს რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში.
ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი – თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი. ვინც ერკვევით პოლიტიკაში, მე არ ჩამოვთვლი, ალბათ გეცოდინებათ, რომელი ქვეყანა იგულისხმება ამაში. და მიაქანებენ კატასტროფაში საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი.
ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც აგენტურა გაისტუმრა.
ჩვენ ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს. გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ძალიან დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე.
აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან. დღესაც მცდელობა აქვთ, არჩევნები კატასტროფულად წააგეს და ცდილობენ, ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ აქაც ქართველი ხალხის სიბრძნე – როგორ შეიძლება, 80% პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოადინოს, წარმოუდგენელია“.
„ოცნებამ” გამარჯვება სამთავრობო პროპაგანდისტული „ტვ იმედის” ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნა.
პროპაგანდისტული, სამთავრობო „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
„იმედის“ მიხედვით, შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება” – 76,3%;
„ლელო საქართველოსთვის” – 7.1%;
„გირჩი“ – 6.8%;
„კონსერვატორები საქართველოსთვის” – 3.3%;
სხვა პარტიებმა საერთო ჯამში ხმების 6.5% მიიღეს.
პარალელურად თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ქუჩაშია სპეცრაზმიც.