ბიძინა ივანიშვილის ბაობაბები საქართველოშია – ხეები აფრიკიდან 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, ფოთის პორტის გავლით ჩამოიტანეს.
კადრები, რომლებზეც ასახულია, რომ ბაობაბები საქართველოშია, „ტვ პირველმა” და „მთავარმა არხმა” გაავრცელეს.
ტელემედიების თანახმად, იმისთვის, რომ ხეების ნაწილი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, ნაწილი კი თბილისში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გადმოეტანათ, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუზღუდეს – ჩახსნეს ელექტროგადამცემი ხაზები.
დაზიანდა შუქნიშნები.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ამასთან დასმულ კითხვას არ უპასუხა არც პარლამენტში, კომტეტის სხდომაზე და არც ჟურნალისტებთან.
„არა ვარ საქმის კურსში, რავიცი. რიკოთი არ გაინტერესებთ? 27 კილომეტრი რომ გავხსენით”. – თქვა მან.
არსებული ინფორმაციით, ჩამოტანილია 12 ბაობაბი.
საქართველოში შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის ბაობაბების შეძენაზე ინფორმაცია 2022 წლის ნოემბერში გავრცელდა. ამის შემდეგ კენიის პრეზიდენტმა ბაობაბების გაყიდვის ლიცენზია შეაჩერა და ფაქტის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა, მაგრამ თებერვალში მთავრობამ მათი ექსპორტი ხელახლა დაუშვა.