ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი - ანგარიში

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. 

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება. მსგავს შეფასებას იძლევა Freedom House-იც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასებისას: „ოლიგარქიულ გავლენას განიცდის ქვეყნის პოლიტიკური საქმიანობა, პოლიტიკის გადაწყვეტილებები და მედია გარემო, ხოლო პოლიტიზაცია ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“. სახელმწიფოს მიტაცების აშკარად გამოხატული ნიშნების ფონზე, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, გარკვეული საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს.“

გთავაზობთ ანგარიშიდან ქვეთავს, როემლიც ივანიშვილის რუსულ ბიზნესს შეეხება:

რა გზებით ფლობს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს რუსეთში

1. ოფშორული კომპანიები – რუსეთში ბიზნესს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს. ანალოგიურ სქემას ის საქართველოშიც იყენებს, სადაც რამდენიმე ათეულ კომპანიას ისე ფლობს, რომ მისი სახელი პირდაპირ არსად ჩანს. ამ ეტაპზე ჩვენ შევძელით 3 ოფშორული კომპანიის გამოვლენა (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში. თუმცა, ეს სრული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ გასხვისებული რუსული კომპანიების ამჟამინდელ მეწილეებს შორის კიდევ 20-ზე მეტი ოფშორული კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ივანიშვილის წილები მას შემდეგ გადაიბარეს, რაც მან  რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების კვლევა.

2. ნათესავები – მეორე გზა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესინტერესები რუსეთში, მისი ნათესავების სამეწარმეო საქმიანობაა. ბიძინა ივანიშვილი მის ნათესავებს ხშირად ანდობს მისი ინტერესების წარმომადგენლობასა და კომპანიების მართვას.  ივანიშვილი ნათესავებს სახელმწიფო საკითხების მოგვარებაშიც რთავდა, რითაც მტკიცდება მათ მიმართ მისი განსაკუთრებული ნდობა. მაგალითად, ცნობილია, რომ უჩა მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. იგი იყო როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ სს  „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორის მოადგილე, ისე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული კერძო ფონდის – „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანიის მეწილე.

ასევე საინტერესოა რომ, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი მისი დისშვილი, კახა კობიაშვილია. შესაბამისად, ივანიშვილის ნათესავების სამეწარმეო საქმიანობა რუსეთში ასევე უნდა განვიხილოთ მის ბიზნესინტერესად. ამასთან, ძნელად წარმოსადგენია, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენების გარეშე მოახერხეს მისმა ნათესავებმა წარმატებული ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება რუსეთის გავლენიან პოლიტიკოსებთან, რომლებმაც ამავდროულად ე.წ. „კრიშის“ ფუნქციაც შეიძლება შეასრულონ.

3. წარმომადგენლები – როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობითაც მართავს. მაგალითად, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ბერმუდის უზენაეს სასამართლოში არსებული საქმის მასალებში სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ წარმომადგენლებად ნახსენები არიან შემდეგი ადამიანები:

  • ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერმინისტრი);
  • ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი);
  • გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე); და
  • ზვიად ხუხუნაშვილი („ქართუ ბანკის” ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი).

ის ფაქტი, რომ წარსულში ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონების განმკარგავი ადამიანები დღემდე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ, მხოლოდ ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები შესაძლოა მათი ყოფილი დამსაქმებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.

ბიძინა ივანიშვილის კომპანიები რუსეთში

ბიძინა ივანიშვილს ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით დღესაც აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში. კერძოდმისი 3 ოფშორული კომპანია 2012-2019 წლებშიმათ შორის ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროსმინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდაამ ოფშორებიდან ერთ კომპანიას დღესაც აქვს აქტიური ბიზნესი როგორც რუსეთშიისე საქართველოში.

  1. შპს „აკვასფეისი

დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოფშორული კომპანია „ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის“ (Vanity Overseas Limited) მეშვეობით რუსეთში ფლობს შპს „აკვა-სფეისს“ (ООО Аква-Спейс). შპს „აკვა-სფეისი“ Vanity Overseas Limited-მა 1997 წელს დააფუძნა და 2015 წლიდან 100%-იანი წილის მფლობელია. შპს „აკვა-სფეისი“ დღემდე აქტიურია და მისი საქმიანობის სფეროებს შორისაა: არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-მართვა, ასევე ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საწესდებო კაპიტალში, არასაცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ეტაპზე სხვადასხვა საშუამავლო მომსახურება და ა.შ.

2015 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორია ოლგა ბოროვიკოვა (Боровикова Ольга Анатольевна), რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში მისი აქტივების სამართავად დაფუძნებული კომპანია „უნიკორის“ (Уникор) სამართალმემკვიდრის, შპს „დოლგოვოე აგენსტვოს” (ООО Долговое Агентство) დირექტორიცაა.

2013 წლის ივნისში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრი იყო, შპს „აკვა-სფეისს” რუსეთში ორი კომპანია შეერწყა: შპს „ენტერპრაიზის სერვისი” (ООО Энтерпрайзис Сервис) და შპს „პრესტიჟ მარკეტი” (ООО Престиж Маркет), ხოლო 2014 წელს კიდევ ერთი კომპანია – შპს „ტრანსფორმინგ ჯგუფი” (ООО Группа Трансформинг) შეუერთდა.

საინტერესოა, რომ Vanity Overseas Limited რუსეთის პარალელურად, საქართველოშიც ფლობს ანალოგიური საქმიანობისა და სახელწოდების კომპანია შპს „აკვა ცენტრს“, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და რომლის დირექტორიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია. კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია.

  1. შპს „სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი” (ООО ПА ТехГлобал) და მასთან გაერთიანებული 7 კომპანია

2015 წლამდე ოფშორული კომპანია „ველმინსტოუნ ეს.ეი.“ (Wellminstone S.A.)-ის გავლით ბიძინა ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას შპს „სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი” (ООО ПА ТехГлобал), რომელსაც 2014 წელს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ ერთი კომპანია შპს „რესურსფიუჩერსი” (ООО Ресурсфьючерс). ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, 2008 წლის 31 ივლისს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ 6 კომპანია: შპს „ტრანსფინანსაქტივი“ (ООО ТрастФинансАктив), შპს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფინანსურ-ანალიტიკური ჯგუფი“ (ООО ФГ ЦБ), შპს „მეტპრომ ჰოლდინგი“ (ООО МетПром Холдинг), შპს „ტელეკომქსელი“ (ООО Телекомсеть), შპს „სპეცპრომტრანსი“ (ООО СпецПромТранс), და შპს „სერვისტექალიანსი“ (ООО СервисТехАльянс).

„ველმინსტოუნ ეს.ეი.“ (Wellminstone S.A.)-თან ბიძინა ივანიშვილის კავშირს (ბენეფიციარული მესაკუთრეობა) ადასტურებს სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება. Wellminstone S.A.-ი რუსეთში 2000-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთი კომპანიის დამფუძნებელი და მეწილე იყო.

  1. შპს „ფირმა ავეკი” (ООО Фирма АВЕК), შპს „ტერსი” (ООО ТЕРС), შპს „კმაჰოლდინგტრანსი” (ООО КМА-Холдингтранс), და შპს „მკჰოლდინგი” (ООО МК-Холдинг)

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანია „ვენიგენ მენეჯმენტ ლიმიტედი“ (Wenigen Management Limited) ასევე აქტიურად აარსებდა და ფლობდა კომპანიებს რუსეთში. ამ კომპანიის გავლით 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ფლობდა წილებს მინიმუმ 4 კომპანიაში: შპს „ფირმა ავეკი” (ООО Фирма АВЕК) – 2019 წლის ივნისამდე, შპს „ტერსი” (ООО ТЕРС) – 2015 წლის ნოემბრამდე, შპს „კმა-ჰოლდინგტრანსი” (ООО КМА-Холдингтранс) – 2015 წლის ივნისამდე, და შპს „მკ-ჰოლდინგი” (ООО МК-Холдинг) – 2013 წლის ნოემბრამდე. ამასთანავე,  შპს „ტერსს“ (ООО ТЕРС), თავის მხრივ, 2010 წელს შეუერთდა კიდევ ერთი კომპანია შპს „ჟელეზორუდნი ჰოლდინგი“ (ООО Железорудный Холдинг), რომელსაც მანამდე ასევე ფლობდა აღნიშნული ოფშორი.

ზემოხსენებული კომპანიები დაკავშირებულია შვილობილი კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელთან, რომელიც სხვადასხვა ფორმით ისევ Wenigen Management Limited-ს უკავშირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების შესწავლა.