„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.
ამის შესახებ „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.
ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.
მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, – განაცხადა მდინარაძემ.