„ბიძინა წადი! მე ვრჩები!“ - თავისუფლების მოედნიდან ქალთა საპროტესტო მარში დაიწყო

პუბლიკა

დღეს, 24 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის („კოალიცია ცვლილებებისთვის”, „კოალიცია ძლიერი საქართველო”, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, პარტია ,,საქართველოსთვის”) ორგანიზებით, ქალთა მარში იმართება.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სამგზავრო ჩემოდნები მიიტანეს წარწერებით,- „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“

სამგზავრო ჩემოდნები წარწერებით,- „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „ჩვენ ვრჩებით, შენ წადი!“ სიმბოლურად ემიგრაციის თემას ეხმაურება. როგორც ქალთა საპროტესტო მარშის მონაწილეები აცხადებენ „ისინი არ აპირებენ ქვეყანა ოლიგარქს დაუტოვონ და ემიგრაციაში წავიდნენ.“

„ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ ჰყავდეს საზღვარგარეთ წასული. სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო ოჯახები გახლეჩილია: მშობლებს შვილები ენატრებათ, შვილებს – მშობლები. თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში. გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე.

ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს…

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო“,- აცხადებენ საპროტესტო მარშის ორგანიზატორები.

მარში დასრულდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, პერფორმანსით.

გარდა ქალთა მარშისა დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი:

17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე.

17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეები რუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას.

21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან.