Bild-ის სტატია არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე NGO-ებთან - გერმანიის ელჩი

პუბლიკა

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გამოეხმაურა გერმანული გამოცემის Bild-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია, რომ ჰუბერტ ქნირშს დაძაბული ურთიერთობა აქვს საქართველოს სამოქალაქო სექტორთან, ასევე საუბარია მის და მისი ცოლის კავშირებზე „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან. სტატიაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩი ხშირად გამოდის მმართველი პარტიის მხარდამჭერი განცხადებებით.

ელჩი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სტატია არანაირად არ იმოქმედებს მათ კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით,  გაგრძელდება მუშაობა შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.

„რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით“, – აცხადებს ელჩი.


„იმ დროს, როცა საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში ადგილობრივი ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილად მიიჩნევა, მისი ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს: სამთავრობო კონტრაქტსა და ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმებას“, – ასე იწყება Bild-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატია საქართველოში გერმანიის ელჩის შესახებ. 

სტატიაში ასევე მოყვანილია 2020 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფო კილაძის წარდგენის საკითხიც. გამოცემა წერს, რომ სოფო კილაძის წარდგენა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, რადგან სოფო კილაძე ქსენოფობად და ჰომოფობად მიიჩნეოდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს გააპროტესტა. თუმცა ქნირშმა არა სოფო კილაძის ნომინაცია, არამედ სამოქალაქო საზოგადოება გააკრიტიკა“, – წერია სტატიაში.