ბინაზე მართვის პროტოკოლი შემუშავებულია - ნიჟარაძე

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია, თუმცა, ამ პროტოკოლის ასამუშავებლად პირველადი ჯანდაცვის რგოლის მომზადებაა საჭირო.

„ბინაზე მართვის პროტოკოლი უკვე შემუშავებულია. ამჟამად პროტოკოლი მოწმდება კლინიკური ჯგუფის მიერ, რამე ცვლილებები შევა თუ არა, ამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო წყვეტს. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ამ კვირაში იგეგმება პირველადი ჯანდაცვის მთლიან რგოლთან შეხვედრა. თუმცა კლინიკური ჯგუფის მიერ უკვე ჩატარდა ონლაინკლინიკის პერსონალის ტრენინგი, და ეს ჯგუფი უკვე ჩაშვებულია და ასეთი შეტყობინებები ონლაინკლინიკის მიერ არის მართვადი. მაგრამ ოჯახის პროტოკოლზე გადასვლა დაიგეგმება მაშინ, როდესაც პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამისთვის მზად იქნება.

როდის ამუშავდება პროტოკოლი ამის დაზუსტება არ შემიძლია, მაგრამ უკვე დიდი ნაწილი ამ პროცესში ჩართულია, თუნდაც საკარანტინო სივრცეებში, მათთვის ეს პროტოკოლი უკვე მიწოდებულია”, – განაცხადა ნინი ნიჟარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი. 21 სექტემბრის განახლებული მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

193 ახალდადასტურებული შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:

  • აჭარა – 92;
  • იმერეთი – 53;
  • თბილისი – 31;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8;
  • გურია – 7;
  • რაჭა-ლეჩხუმი – 1;
  • მცხეთა-მთიანეთი – 1.