ბინაზე მყოფ Covid-პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევები ჩაუტარდებათ - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკა ადამიას თქმით, ბინაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის შესაძლებელი გახდება, რომ მათ ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე, სხვადასხვა სახის გამოკვლევები ჩაიტარონ და ბინაზე მკურნალობისთვის შესაბამისი დანიშნულებაც მიიღონ მათგან. ამის შესახებ ცნობილი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ადამიას განმარტებით, დღესდღეობით ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მთავარი მიზანი არის, რომ შემცირდეს ჰოსპიტალიზების რიცხვი, იმისთვის, რომ რეალური საჭიროების მქონე პაციენტი არ დარჩეს მომსახურების გარეშე.

„ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ პირველადი ჯანდაცვის სექტორი. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებულია 57 Online-კლინიკა, რომელიც მართავენ ბინაზე მყოფ პაციენტებსა და მათ წინასწარ ტრიაჟს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმებს შევუქმნათ გარკვეული საფუძველი, იმისთვის, რომ მათ მიიღონ ბინაზე მყოფი პაციენტების ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობა.

ამისთვის საჭიროა, რომ ამ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეთ გარკვეული კვლევები და ამის შესაძლებლობა გაჩნდება დღეის შემდეგ, როდესაც ეს პაციენტები, ექიმის მიმართვით, ჩაიტარებენ ამ კვლევას და ექიმის მიერ დაენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა, რომელიც გაეწევათ ბინაზე.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღეა, დავიწყეთ Covid-სასტუმროებში მყოფ პაციენტებზე. ისინი უკვე ექვემდებარებიან ამ პროცესს და მათ უტარდებათ საჭირო კვლევები და ახლა ეს უკვე ბინაზეც იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ადამიამ.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა Emergency-ცენტრები, სადაც მოხდება ამ პაციენტების კლინიკური კვლევები.

„ამ კვლევების შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ადგილზე [ბინაზე] დარჩნენ და ამით ჩვენ შევეცდებით, რომ ჰოსპიტალიზაციის, განსაკუთრებით არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის რიცხვი შევამციროთ…”, – განაცხადა ადამიამ.

მან დამატებით განმარტა ის, რომ კვლევებს ჩაუტარებენ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებზეც ოჯახის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ეს ჩაუტარდებათ იმ პაციენტებს, რომლებიც გარკვეული ნიშნებით შეიძლება იყვნენ რისკის ქვეშ და ოჯახის ექიმი გადაწყვეტს, რომ მას სჭირდება ესა თუ ის კვლევა”, – ამბობს ადამია.