„ბინტები, პირბადეები, დამცავი სათვალეები" — „ოცნების" „მტკიცებულებები" NGO-ების წინააღმდეგ

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიები, „იმედი” და „რუსთავი 2″ აქვეყნებენ არასამთავრობო ორგანიზაციების შესყიდვების „მათ მიერ მოპოვებულ” დოკუმენტებს და „ოცნების” პროკურატურის მსგავსად ამტკიცებენ, რომ ესენია NGO-ების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში” მონაწილეობის მტკიცებულებები.

პროპაგანდისტული მედიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, „სამართლიანმა არჩევნებმა” 2024 წელს 18 რესპირატორი და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარამდე გადაიხადა.

ამასთანავე, „იმედის” 27 აგვისტოს რეპორტაჟის თანახმად:

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა” შეიძინა: 

20 პირბადე – 260 ლარი;

120 დამცავი სათვალე – 1000 ლარი;

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ შეიძინა: 

  • 12 ნიღაბი – 140 ლარი;
  • 5 დამცავი სათვალე – 174 ლარი;
  • 12 წყალგაუმტარი ქურთუკი – 1440 ლარი;
  • 4 მთლიანი ნიღაბი – 52 ლარი;

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შეიძინა: 

  • 35 ბინტი – 18,55 ლარი;
  • 35 სადეზინფექციო ხსნარი – 12,95 ლარი;
  • 35 ე.წ. სანტავიკი – 12.95 ლარი;
  • 137 რესპირატორი – 587.6 ლარი;
  • 2 აეროზოლი – 22,8 ლარი;
  • 10 დამცავი კეპი – 149 ლარი;
  • 20 სათვალე – 304.8
  • 35 წიწაკის სპრეი – 875 ლარი.

„ქართული ოცნების” პროკურატურამ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, ISFED-ისIDFI-ისGDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.

პროკურატურა აცხადებს, რომ დაყადაღება მოხდა იმ სისხლის სამართლის გამოძების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება”.

უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.