„ბიომრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტი არ წარუდგინოთ პარლამენტს - NGO-ები პარლამენტს

პუბლიკა

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები (მწვანე ალტერნატივა, „საბუკო“, „ნაკრესი“)  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოუწოდებენ, რომ კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინოს პარლამენტს, რადგან ის მრავალ ხარვეზს შეიცავს და მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. ორგანიზაციები სამინისტროს დოკუმენტთან დაკავშირებით თანამშრომლობას სთავაზობენ.

მათი თქმით, თითქმის რვა წელია რაც კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარებს, თუმცა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი ჯერ კიდევ გაუმართავია სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, საერთაშორისო ვალდებულებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული, პრაქტიკულად არ არის მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფს ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციების თვალსაზრისით, ამის მთავარი მიზეზი პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობით და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადებაა.

ორგანიზაციების განცხადებით, დოკუმენტის მთავარი ნაკლოვანებებია:

  • კანონპროექტი არასრულყოფილი სახით იყო წარმოდგენილი, მას არ ახლდა არც განმარტებითი ბარათი და არც ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული სხვა კანონების პროექტები. შესაბამისად, დაინტერესებული საზოგადოებისთვის შეუძლებელი იყო სრულად შეეფასებინა დაგეგმილი რეფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
  • კანონპროექტის ტერმინოლოგია გაუმართავია, ხშირად გამოყენებულია მცდარი ტერმინები/განმარტებები, გრამატიკულად გაუმართავი წინადადებები, რაც ხელს უშლის შინაარსის გაგებას;
  • საერთაშორისო ვალდებულებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული, ევროკავშირის ზოგიერთი დირექტივა არასწორად არის გაგებული კანონპროექტის ავტორების მიერ;
  • კანონპროექტი გაუმართავია სამართლებრივი თვალსაზრისითაც: არ არის გარდამავალ დებულებებში შეტანილი არაერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც მოხსენიებულია კანონპროექტში;
  • კანონპროექტით შემოთავაზებულია არაერთი ახალი რეგულაცია, მაგრამ თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული და/ან შემუშავებული ამ რეგულაციების განხორციელების მექანიზმები, პროცედურები, პასუხისმგებელი ორგანოები (რომლებიც სამომავლოდ უზრუნველყოფენ კანონის ეფექტურ აღსრულებას) და საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობები. როგორც წესი, საერთოდ არ არის განსაზღვრული ასეთი საკითხების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება.