„ბიომრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტი არსებული სახით პარლამენტს აღარ წარედგინება – „მწვანე ალტერნატივა“

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მათი, „საბუკოსა“ და „ნაკრესის“ მოთხოვნები დააკმაყოფილა. სამინისტრო „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტს არსებული სახით არ წარუდგენს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ბიომრავალფეროვნების შესახებ სამინისტროს კანონპროექტი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა.

„ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მისი დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. სამინისტრო საჯარო შეხვედრასაც გამართავს. მეტი გამჭვირვალობისთვის, ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნით, სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ განმარტებასაც, თუ რომელი შენიშვნები აისახება და არ აისახება კანონპროექტში და – რატომ“. – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივის“ განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სამინისტროს 30 იანვარს გავრცელებულ მიმართვაში მოუწოდებდნენ, რომ კანონპროექტი არ წარედგინა პარლამენტისთვის, რადგან ბევრ ხარვეზს შეიცავდა და მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებდა. ორგანიზაციები სამინისტროს დოკუმენტთან დაკავშირებით თანამშრომლობასაც სთავაზობდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი მაინც გაუმართავი იყო სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. მასში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები და პრაქტიკულად არ იყო მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“, – წერს „მწვანე ალტერნატივა“.

ორგანიზაციების თვალსაზრისით, ამის მიზეზი პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობითა და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადება იყო.