„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ცნობით, საერთო სასამართლოებში „ბირჟა მაფიის“ საქმეზე გიორგი ქებურიას 4 წლიანი დავა მისი გამარჯვებით დასრულდა. დავის ფარგლებში იგი საქართველოს გენერალური პროკურატურისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ძალაში დატოვა ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გიორგი ქებურიას სასარგებლოდ, უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 24 140 ლარის გადახდა დააკისრა“, – აცხადებს GDI.
გიორგი ქებურია ე.წ „ბირჟა მაფიის“ საქმეზე 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. პროკურატურა მას ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების სახით გიორგი ქებურიამ წინასწარ პატიმრობაში 4 დღე გაატარა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. ქებურიას წინააღმდეგ სისხლის სამართებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს თავად პრკურატურის ინიციატივით შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.