საქართველოს პარლამენტის წევრის, მაია ბითაძის განცხადებით, რომელმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შინაურ ცხოველებზე კანონპროექტი წარადგინა, 2 წელში სპეციალური სწავლების გავლა იქნება სავალდებულო. მისი თქმით, ეს მოხდება სერტიფიცირების სისტემის ფარგლებში, რისი შექმნაც გათვალისწინებულია კანონპროექტში.
“მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მე კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლიც თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და დღეს მე პრობლემები მაქვს ძალიან დიდი.
შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს, რომელიც მისცემს ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებსა და ფენოლოგებს იმის საშუალებას, რომ ის ტრენინგ-კურსები, რომლებსაც ახლაც ახორციელებენ, მოაქციონ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი.
ჩვენთვის, ყველასთვის, ორ წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული”, – განაცხადა მან.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.
კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“კანონპროექტში ცვლილებების მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.
პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.