ბითაძე ოპოზიციაზე: ჩვენს სწორს განცხადებებს თავისად ასაღებენ და მერე იქით გვარიგებენ ჭკუას

პუბლიკა

მმართველი პარტიის დეპუტატის, მაია ბითაძის შეფასებით, ოპოზიცია მათი პარტიის ლიდერების სწორ განცხადებებს თავისად ასაღებს და შემდეგ „იქით არიგებენ ჭკუას“ – ამის შესახებ მან პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ახალ დაკვირვებას ვაწარმოებ. ვცდილობ, რომ ვუყურო ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს ტელევიზიებში და დაკვირვებით მოვუსმინო.

იცით, რას დავაკვირდი, თუ დავუშვათ ირაკლი კობახიძე, ან რომელიმე ჩვენი კოლეგა გააკეთებს განცხადებას, რომელიც სწორია და მათაც იციან, რომ სწორია, შემდეგ ტელევიზიებში თავისად ასაღებენ და იქით გვარიგებენ ჭკუას.

მაგალითად, გუშინ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან არაფერი გვაქვს საომარი, ამის შემდეგ საღამოს ეთერში დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ასე უნდა გეთქვათო და ეს თქვა ირაკლი კობახიძემ და ასე ხდება ყველაფერზე“ , – განაცხადა ბითაძემ.

მან ასევე მიმართა ლევან ხაბეიშვილს.

„ლევან ხაბეიშვილს მივმართავ, რომელიც აქ არ არის. ალბათ მაკულატურას აგროვებს, ფურცლებს შეაგროვებს და ჰგონია, რომ იქ რაღაც წერია, რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ და ნუ გადაგვიყვანთ ჩვენც… ადამიანს აქვს მოთმინების ზღვარი. თქვენ თუ არ გიყვართ ჩვენი შვილები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები“, – განაცხადა ბითაძემ.