„ბიუ-ბიუს ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა“ - სურსათის ეროვნული სააგენტო

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან რესტორან „ლუდის ქარხანა ჩემო კარგოში“ მოწამლული 11 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

სააგენტოს ცნობით, არაგეგმიური ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“ (ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, სალმონელა აღმოჩნდა.

„ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება:

  • უკრაინული ქათმის ბარკალი;
  • „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი);
  • „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული.

სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშშიც, რომლის მწარმოებელია Processing Complex და დისრტრიბუტორი შპს „სანი“.

ხოლო ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, მათ განმეორებით ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში – „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ და კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერეს საწარმოო პროცესი.

„შემოწმდა ის მარკეტიც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოთაღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა.

სააგენტომ, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღებული ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში სალმონელა გამოვლინდა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.