„კი ბატონო [მძარცველის] მოთხოვნა შესრულდა“, – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. – მძარცველის ულტიმატუმი შესრულდა და მას გადაეცა ნახევარი მილიონი დოლარი.
„იყო ნახევარ მილიონ დოლარზე ლაპარაკი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, არანაირი თანხა არ ღირს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, ეს იქნება 10 თუ 100 მილიონი. დასამალი არ არის, კი ბატონო, მოთხოვნა შესრულდა. თანხის შესახებ ბევრჯერ ითქვა და დასამალიც არ არის, იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი“, – განაცხადა გომელაურმა.
შს მინისტრის თქმით, თავდამსხმელისთვის გადაცემული თანხა არ იყო ბიუჯეტის.
„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ იყო. ეს ასე ხდება მსოფლიოში ყველგან. ბანკში როცა შედიან, იყვანენ მძევლებს. თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა? „საქართველოს ბანკში“ იყვნენ შესულები.“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა ასევე არ უპასუხა შეკითხვებს, არის თუ არა მძარცველი იდენტიფიცირებული და დატოვა თუ არა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.
გომელაურს ჟურნალისტებთან გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, შესაძლოა, ბევრი ინფორმაცია ჰქონდეს, მაგრამ მისი თითოეული სიტყვა გამოძიებისთვის ხელისშემშლელი იქნება.
საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე გიორგი გახარიამ, ბანკში მძარცველის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მძევლების უსაფრთხოება პირველი რიგის ამოცანა იყო, ახლა კი ძირითადი ამოცანა დამნაშავის დაკავებაა.
21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ბოლო ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.