ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი „სამართლიანი არჩევნების“ შელახული რეპუტაციის აღდგენას და ამ მიზნით, მზად ვართ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობისთვის ორგანიზაციის გამგეობასა და ახალ ხელმძღვანელობასთან, – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
„დღეს ვიხილეთ PVT-ში დაშვებული სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა, სამწუხაროდ, მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ. თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის რა მასშტაბის პროპაგანდა მოჰყვა რამდენიმე დაუბალანსებელ ოქმს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მათ შორის, ოპოზიციონერი კომისიის წევრების ხელმოწერების თანხლებით, გადაუგზავნეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (ვგულისხმობთ PVT-ის მონაცემებს) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვე მალავდა ხარვეზს:
„ეჭვებს ასევე აღრმავებს ის გარემოებაც, რომ პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში PVT-ის მონაცემების გამოქვეყნება გადაიდო 11 საათიდან 14 საათამდე. ამ გადადების მიზეზების განმარტება ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია, მით უმეტეს, რომ ყველა წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების PVT-ის შედეგები 10 ან 11 საათზე გამოქვეყნდა.
სამწუხაროა ისიც, რომ ვერ მოვისმინეთ ორგანიზაციის გამგეობის განცხადება ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი ინფორმაციის შესახებ, რომელიც თითქოსდა, საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობას უკავშირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორი კვირის წინ მოვითხოვეთ იმ უბნების ოქმების გასაჯაროება, სადაც ამგვარი ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ამგვარი 80 უბანი ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში, ბიულეტენების ზედმეტობა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით 19 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების არა 8, არამედ 0,5 პროცენტია, რაც სრულად თავსებადია სხვადასხვა არჩევნებზე დაფიქსირებულ სტანდარტულ სტატისტიკასთან“, – განაცხადა კობახიძემ.