ბიურო ბახტრიონის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლებაზე: მიმდინარეობს და მალე დასრულდება

პუბლიკა

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს ბინიდან ასახლებენ. ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილი და ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, ოჯახი „მევახშისთვის აღებულ ვალზე 2-ჯერ მეტი თანხის დაბრუნებისთვის მზად იყო“.

როგორც აღსრულების ერვობულ ბიუროში „პუბლიკას“ განუცხადეს, სააღმსრულებლო პროცესი დაწყებულია და მალე დასრულდება. ბიუროს ცნობით, მევალე და კრედიტორი იმაზე შეთანხმდნენ, რომ მევალე სახლს დაცლის, ბინაში დროებით შეინახება მისი ნივთები, რომელსაც შემდეგ წაიღებს.

აღსრულების ბიუროს ცნობით, „ოჯახში ბავშვი საერთოდ არ ცხოვრობს“, საქმე კი უწყებაში 2014 წელს შევიდა, გადავადება კი 10-ჯერ მოხდა.

„დღეს იყო მისი გამოსახლება ჩანიშნული, კრედიტორთან გარკვეულ მოალაპარაკებას ვაწარმოებდით, ამაში ჩართული ვიყავით ჩვენც, თუმცა როდესაც მოვალეც და კრედიტორიც თანახმა იყვნენ, კრედიტორმა მოულოდნელად შეცვალა პირობები, გამოსახლება უნდა დაეწყო აღსრულების ბიუროს, რასაც მშვიდობიანი პროტესტი მოჰყვა. ოჯახში არიან ქალები და ბავშვები. ახლა უშუალოდ სახლში 2-3 წლის ბავშვებიც არიან“, – განაცხადა „TV პირველთან“ ოჯახის იურისტმა.

ოჯახის ერთ-ერთმა მეგობარმა „TV პირველს“ უთხრა, რომ აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა ოჯახის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებსაც მოლაპარაკების პროცესის პარალელურად ბინასთან ცოცხალი კორდონი ჰქონდათ აღმართული, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მოლაპრაკების დასრულების შემდეგ გავხსენით კორდონი, როგორც კი გავხსენით, მოგვვარდნენ, დაგვიწყეს ცემა, გათრევა, შეურაცხყოფა, ეს ყველაფერი გადაღებულია. დაგვაგორეს კიბეებიდან, ვატარებდით, ვეხვეწებოდით, რომ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი დაგორდა კიბეზე“, – განაცხადა მოქალაქემ.