ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების პროექტის  დაჩქარებულად განხილვას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით სამსახური უქმდება და მის ბაზაზე ორი სამსახური: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

დაჩქარებული წესით ცვლილებების განხილვას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ცვლილებების დაჩქარებულად მიღება შეუძლებელია, რადგან მისი შინაარსობრივი განხილვა ვერ მოესწრება და მის მიღებამდე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციაც.

ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კრიტიკულად შეფასდა. მათი შეფასებით, ინიციატივის მიზანი ინსპექტორის დასჯაა, რადგან მან დამოუკიდებლად იმუშავა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები მიიღო მთელ რიგ გახმაურებულ შემთხვევებზე.

თავად სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული. მისი შემუშავების შესახებ უცნობი იყო როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სფეროს სხვა სპეციალისტებისთვის.