ბიუროს გადაწყვეტილებით, 5 მარტს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება არ შედგება

პუბლიკა

პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენს. გადაწყვეტილება უმრავლესობის დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტით, პრეზიდენტის მოსმენის მოთხოვნილი ფორმატი მისი წლიური მოხსენების წარდგენას გულისხმობს, ეს ფორმატი კი მიმდინარე საკითხებზე საუბარს, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხს არ ითვალისწინებს.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს გაცილებით აქტუალური მიმდინარე საკითხები.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტს მიმდინარე პროცესებზე აზრის გამოთქმა სურს, მას შუძლია ბრიფინგი ან სხვა ფორმატი შეარჩიოს, ხოლო თუ მას პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა სურს, შესაძლებელია, ეს შეხვედრაც სხვა ფორმით, მაგალითად მასთან ადმინისტრაციაში ვიზიტის სახით შედგეს.

„გარდა იმისა, რომ შაბათს კვორუმის პრობლემებია, დეპუტატები არიან მივლინებაში…ამ მოცემულობაში ასე ნაჩქარევად, ანგარიშიც მოუმზადებლად, ხვალ ჩატარება არ მგონია სწორი. წლიური ანგარიში მოვისმინოთ მორიგ პირველივე სხდომაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

უმრავლესობის პოზიციის საპირისპიროდ, საპარლამენტო ოპოზიცია სხდომის ჩანიშვნას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე პრეზიდენტის სასესიო დარბაზში მოსმენა მნიშვნელოვანია.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა სთხოვოს პრეზიდენტს, მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და მოგვახსენოს, გასულ კვირაში ევროპაში ვიზიტის და სატელეფონო საუბრების შესახებ, ასევე, მისი თქმით, პოლიტიკურ კონტექსტში მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მიერ გასული წლის პროცესების შეფასებაც.

„როცა თქვენ მეუბნებით, რომ მე პრეზიდენტთან მივიდე და იქ გავარკვიო რა ხდება, ყავაზე იქნება ეს თუ კულუარულ საუბარზე, პარლამენტის ინსტიტუციას ვაკნინებთ“, – განაცხადა ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატების არგუმენტების მოსმენის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხანგრძლივი პოლემიკა მხოლოდ იმის წარმოჩენას ემსახურებოდა, თითქოს „ოცნება“ პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის წინააღმდეგია.

„ქალბატონმა ხატიამ თვითონ თქვა, მათ რა ინტერესი აქვთ ამაში – მათ რეალური, პატრიოტული და საქმიანო ინტერესი ხომ არასდროს ჰქონიათ – აი, მთავრობა მოვაო და იქ რაღაცა რომ არ იყოს ისეო…ანუ პერფორმანსები უნდა დადგან. მათ აქვთ ეს ზრახვები თავის ბნელ გეგმებში. ამ გეგმებში უნდათ ამ აბსოლუტურად კეთილშობილური მიზნის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ხომ არ დავაბრალებთ იმას და არც ვიფიქრებთ, არც ვიკადრებთ და არც მას ვკადრებთ, რომ მათ გეგმებში ჩაჯდაო, მაგას ხომ არ გავიფიქრებთ, მაგრამ ამასობაში ისინი ფიქრობენ, რომ ამ თავის გეგმებში ჩასვან ხვალინდელი, ასე რომ გადავწყვიტოთ პრეზიდენტის მოხსენება“, – თქვა მდინარაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნის მიზეზად პრეზიდენტის სურვილი დაასახელა, წარუდგინოს ქართველ ხალხს მოხსენება მისი ევროპაში ვიზიტის შესახებ. მან ასევე უკრაინაში რუსეთის ომის გარემოების გათვალისწინებაც მოითხოვა.

რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის წლიური ანგარიში საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე იმართება ხოლმე, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მისი გამოსვლის ჩანიშვნა 5 მარტს მოითხოვა.