პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენი დავით კოდუა კორონავირუსითაა ინფიცირებული.
უწყების ცნობით, კოდუა საკანში მარტო იმყოფებოდა და მას სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია.
„პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ დ. კ. -ს გეგმიური PCR ტესტირებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა . ბრალდებული დ.კ (დაბადებული 1968წ) პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1. (ოჯახში ძალადობა) მუხლის საფუძველზე.
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19.
ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზირებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ დავით კოდუას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წინასასამართლო სხდომა 1 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა.
დავით კოდუა 12 აპრილს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე მას ბრალი წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აპრილს, ქ.თბილისში, დ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის – ნ.გ.-ს და შვილის ე.კ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.