ბიზნესმენი: დაიწყოს გამოძიება რუს „ექიმბაშზე", რომელზე ინფორმაციაც „ტვ პირველმა" გაავრცელა

პუბლიკა

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, დაიწყოს გამოძება რუს „ექიმბაშზე”, რომელზე ინფორმაციაც „ტვ პირველმა” გაავრცელა.

საქმე ეხება სიუჟეტს, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში „სიცოცხლის გასახანგრძლივებლად“ რუსი „ექიმბაში“, იულია კრუშანოვა ჩამოიყვანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა, სავარაუდოდ, კანონდარღვევით მიანიჭეს.

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე განმარტავს, რომ პასპორტის გასაცემად მაღალი თანამდებობის პირის რეკომენდაცია იყო საჭირო და ეს რეკომენდაცია, მისივე თქმით, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გასცა.

„ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი მიღებული აქვს ბევრი კანონდარღვევით. ერთი, რომ გაყალბებულია დოკუმენტაცია და ასევე ამ ქალბატონის ხელმოწერები და მეორე, ამ პასპორტის გაცემისთვის მაღალი თანამდებობის პირს უნდა მიეცა რეკომენდაციები.

მინდა, გითხრათ, რომ ეს მაღალი თანამდებობის პირი, ვინც მონაწილეობდა ზღაპრებზე აგებული რეკომენდაციების გაცემაში და ხელმძღვანელობდა იულია კრუშანოვას მოქალაქეობის მისაღებ სპეცოპერაციას, გახლდათ ქალბატონი თეა წულუკიანი. მის პერიოდში დაიწყო რეკომენდაციების გაცემა და უკვე რატი ბრეგაძის პერიოდში მოხდა ამ ადამიანისთვის პასპორტის მინიჭება.

მივმართავ გენერალურ პროკურატურას, თქვენ წინაშე წარმოდგენილია უმძიმესი სახელმწიფოებრივი დანაშაული, რომელიც სისტემის მიერაა ჩადენილი. ამ კანონდარღვევაში მონაწილეობდა თეა წულუკიანი, შესაბამისად, ველოდები თქვენგან გამოძიების დაწყებას.

ასევე, მინდა მივმართო გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, თუ ამ საქმეზე დაიწყებთ გამოძიებას, სავარაუდოდ, იკვეთება გაყალბებული ხელმოწერები და თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და დასკვნები ამ ხელმოწერებთან დაკავშირებით. თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ ბატონი გაბიტაშვილის და, ბელა გაბიტაშვილი მუშაობს სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხარისხისა და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ თუ გამოძიება დაიწყება, იქნება ობიექტური”, – აცხადებს ჩიკვაიძე.

შეკითხვაზე, თუ როგორ ადასტურებს, რომ თეა წულუკიანი მონაწილეობდა ამ საქმეში, ჩიკვაიძე ამბობს, რომ „ამ ინფორმაციას ფლობს“ და ამიტომაც მიმართავს გენერალურ პროკურატურას, რომ ნახონ წულუკიანის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„არსებობს დოკუმენტები, რომელიც არსად არ გამქრალა და ნახონ თარიღები, რეკომენდაციების შინაარსები და ყველა დარწმუნდება რამხელა სპეცოპერაცია მიმდინარეობდა სისტემის მიერ ამ ადამიანისთვის მოქალაქეობის მინიჭებისთვის […]

ჩემი ინფორმაციით, თეა წულუკიანს აქვს დაწერილი თავიდან ბოლომდე ზღაპარი რეკომენდაციები, რაც რეალობას არ შეესაბამება და ამის საფუძველზე მათ მოატყუეს კიდეც საქართველოს პრეზიდენტი, მიუტანეს ამ ტიპის რეკომენდაციები და ხელი მოაწერა მოქალაქეობის გაცემაზე“, – აღნიშნავს ის.

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, თუმცა ახლა ის ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაშიც ადანაშაულებს.

მან გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილსაც მიმართა და დებატებში გამოიწვია, სადაც მისივე თქმით, წარმოადგენს მინიმუმ 6 ბიზნესმენის საქმეს, რომელშიც „სისტემის მხრიდან ზეწოლა და ტერორი იკვეთება“.

„გთავაზობთ [გაბიტაშვილს] უპრეცედენტო გამოსავალს და გიწვევთ დებატებში ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ტელევიზიაში. ვიქნები ერთი ადამიანი 6 თემით წარმოდგენილი და დაე, საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, რაზე დაგელაპარაკებით მე და რა პასუხებს გამცემთ თქვენ“, – განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

გიორგი ჩიკვაიძის თქმით, თუკი გენპროკურორი დებატებზე უარს იტყვის, არჩევნებამდე 6 დღით ადრე საგამოძიებო უწყებასთან 6-დღიანი აქცია გაიმართება, სადაც თითო დღეს თითო ბიზნესმენის საქმეს გაასაჯაროებენ.


5 ოქტომბერს „ტვ პირველის“ ეთერში, „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში „სიცოცხლის გახანგრძლივების” რუსი „ექიმბაში“, იულია კრუშანოვა ჩამოიყვანა. საუბარია, მოსკოვის „ლომონოსოვის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულ იულია კრუშანოვაზე.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, იულია კრუშანოვას საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია, გამოცდის ქართულ ენაზე ჩაბარება ქართულში, ისტორიასა და სამართალში.

სიუჟეტში ნაჩვენებია, რომ ჟურნალისტებმა მოიპოვეს ნასყიდობის დოკუმენტი, რომლის მომზადების დროსაც რუსი ეროვნების „ექიმბაშმა” თარჯიმანი მოითხოვა.

გარდა ამისა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, იულია კრუშანოვას არა მხოლოდ ქართული პასპორტი მისცეს, არამედ, მას თბილისში მუდმივი საცხოვრებელი ადგილიც აქვს და მის სახელზეა ბინა ორთაჭალაში, „ქართული ოცნების“ შენობის პირდაპირ, კრწანისის ტყუპებში.