„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო პრაქტიკულად ყველა რესტორანი დაიხურა და უმუშევრად 100 000-მდე ადამიანი დარჩა. მისივე თქმით, რესტორანთა მხოლოდ მცირე ნაწილი აგრძელებს გამოძახების რეჟიმში მუშაობას.
როგორც გაბრიჩიძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, ის დღეს ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც გათავისუფლებული თანამშრომლების კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხი განიხილა. მისი თქმით, ამ საკითხზე ფიქრი დაწყებული აქვთ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
„ჩვენი დღეს მთავრობასთან ვთქვით, რომ კერძო ბანკებთან გამოცხადებული მორატორიუმის მსგავსი გაკეთდეს კომუნალურ გადასახადებზე, ეს ადამიანები დღეს ისედაც გამწარებულები არიან, პურის ფულიც არ აქვთ, გავუშვით სახლში და მას შუქსაც რომ ჩაუჭრი და წყალსაც გადაუკეტავ, ეს ადამიანი გამოვა ქუჩაში და უკვე ეს იქნება „მშიერი ბუნტი“, – ამბობს კოტე გაბრიჩიძე.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტი „პუბლიკასთან“ ამბობს, მან შეხვედრაზე მიიღო პირობა, რომ კომერციულ ობიექტებს, შპს-ებს კომუნალურ მომსახურებას არ შეუზღუდავენ და შეღავათს გაუწევენ.