„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა გრატების შესახებ კანონში ცვლილებებს.
კომიტეტის სხდომაზე მომხსენებელმა არჩილ გორდულაძემ საკანონმდებლო პაკეტი პრინციპების დონეზე წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
ასეთ მაგალითად გორდულაძემ მოიყვანა:
„ავრცელებენ ასეთ ტყუილებს, რომ თითქოს ემიგრანტის მიერ საქართველოში, თავის ოჯახში, საყოფაცხოვრებო მიზნით ჩარიცხული თანხა თანხმობის გარეშე შეუძლებელია, რომ ჩაირიცხოს და ჩარიცხვის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს – ტყუილია.
ტყუილია, რომ IT-სპეციალისტები, რომლებიც ემსახურებიან, მაგალითად, წერენ კოდებს და იღებენ ანაზღაურებას უცხოეთიდან, მათ საქმიანობაში ხელი შეეშლებათ.
ასევე წერენ აბსოლუტურ ნონსენსს სხვადასხვა სპორტულ ფანკლუბთან დაკავშირებით, თითქოს, თუ ფანკლუბის წევრმა რამე შეღავათი მიიღო უცხოური საფეხბურთო კლუბისგან, ესეც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი გახდება, ტყუილი გახლავთ“, – განაცხადა გორდულაძემ.
პარტიებთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არჩილ გორდულაძემ განმარტა, რატომ იცვლება გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის დასახელება და ფართოვდება განმარტება.
„გვახსოვს უახლოეს წარსულში როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ კონკრეტულ პირებს ჰქონდათ საარჩევნო მიზანი, შემდეგ ეს პირები გადარეგისტრირდნენ და გაერთიანდნენ პოლიტიკურ პარტიაში, მაგალითად, „თავისუფლების მოედანს“ ვგულისხმობ, პირდაპირ გაერთიანდნენ ერთ-ერთ საარჩევნო სუბიექტში, შემდეგ ისევ გამოეყვნენ და ცალკე პოლიტიკურ პარტიად არიან დარეგისტრირებული. ვხედავთ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სხვადასხვა საფარველს და საბურველს იყენებენ, რომ გაექცნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონით გათვალისწინებულ წესს, რომელიც გულისხმობს, რომ უცხოეთიდან თანხა და შესაბამისი ინტერესი არ უნდა იყოს შესაბამის აქტივობაში“, – განაცხადა გორდულაძემ.
დეპუტატმა ისაუბრა გარე ლობიზმზეც:
„ისევ და ისევ საქართველოს იმიჯის და ინტერესების დასაზიანებლად არაერთი პირი იხდის თანხას და ამ თანხების რეალიზებას ვხედავთ სხვადასხვა რეზოლუციის, არამეგობრული და ხშირ შემთხვევაში მტრული აქტის პროექტის შემუშავებაში და მისი მიღების ლობირებაში და საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის მიერ უნდა განხორციელდეს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა შემთხვევაში, პოლიტიკურ ლობიზმში უცხოეთში გადახდილი თანხა აპრიორი წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ჩანაწერს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში“ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი, გორდულაძე ამბობს, რომ ამას აქვს თავისი ლოგიკა:
„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შეიძლება, ჰქონდეს დაფინანსება გარედან, იმიტომ თანხას მოჰყვება ინტერესი და უცხოური ინტერესი არ უნდა გაატაროს პოლიტიკურმა პარტიამ არც ერთ შემთხვევაში, შესაბამისად, ის პირი, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინტერესს ატარებდა და არ აქვს მნიშვნელობა, დადებითი იყო, ნეიტრალური თუ უარყოფითი, მნიშვნელოვანია ის, რომ ინტერესს ატარებდა, შესაბამისად, მას პოლიტიკურ საქმიანობაში გარკვეული დროით აღარ ექნება შესაძლებლობა, რათა ისევ და ისევ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა ტერმინი – გაგრილების გარკვეული პერიოდი გავიდეს და როგორც ვთქვათ სხვადასხვა სექტორში საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს არ შეუძლია მსოფლიო ბანკში დასაქმდეს, იგივე ლოგიკაა აქაც“, – თქვა გორდულაძემ.
განხილვისას არჩილ გორდულაძემ კომიტეტის წევრებს შესთავაზა, ბიზნესსუბიექტებს პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს, მეორე და მომდევნო ჯერზე კი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
„მეწარმემ უნდა აკეთოს ის საქმე, რისთვისაცაა შექმნილი კონკრეტული იურიდიული პირი, აკეთოს ბიზნესი… ამავდროულად, თუ პირს უნდა, პოლიტიკური აქტივობით დაკავდეს, არსებობს შესაბამისი წესი და ფორმა. დარეგისტრირდეს პოლიტიკურ პარტიად და თავისი პოლიტიკური საქმიანობა განახორციელოს.
კიდევ ერთი ტყუილი, რასაც ამბობენ – თუ მაგალითად რომელიმე საწარმოს დირექტორი პოლიტიკურ პოსტს დაწერს, პასუხისმგებლობას გამოიწვევსო. ეს არასწორია. ერთია იურიდიული პირის პასუხისმგებლობა და მეორეა ფიზიკური პირის პასუხისმგებლობა, რომელიც გამიჯნულია 1995 წლიდან თუ 1997 წლიდან, მას შემდეგ, რაც არსებობს სამოქალაქო კოდექსი.
გთავაზობთ, შეიძლება, სამსჯელო იყოს, რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20 000 ან 40 000 შეიძლება არ იყოს მბოჭავი, რომ სამართალდარღვევაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ბიზნესსუბიექტის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო იყოს უზრუნველყოფილი, რომ ბიზნესის ფული არ იყოს დაბანდებული პოლიტიკაში.
ჩემი შემოთავაზება იქნება, მეორე მოსმენის ფარგლებში შესაბამისი ჩანაწერიც გაჩნდეს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, რომ მეწარმე იურიდიული პირი თუ პოლიტიკური აქტივობით დაკავდება, პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და მომდევნო ჯერზე – სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა გორდულაძემ.
იურიდიულ კომიტეტზე საკანონმდებლო პაკეტს ამ დათქმით უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს. გორდულაძის თქმით, ცვლილება ტექსტში მეორე მოსმენისთვის აისახება.
„ქართული ოცნება“ გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებს გეგმავს.
საკანონმდებლო პაკეტით, რომლის განხილვაც დღეს იწყება, გათვალისწინებულია ცვლილებები პარტიების კანონშიც და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.
პროექტის მიხედვით, გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოდან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება/შეიძლება მოხმარდეს:
- ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ;
- ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
გრანტად ასევე მიიჩნევა:
- პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება – უსასყიდლოდ ან ანაზღაურების სანაცვლოდ;
- სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები.
ამ გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
ზოგიერთ შემთხვევაში თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთი გრანტის გამოსაყენებლად, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული.
კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს – სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.
პარტიების შესახებ კანონში ცვლილებით, ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“.
პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი. 8 წლის ათვლა დაიწყება იმ წლიდან, როცა მან ბოლოს მიიღო ასეთი შემოსავალი.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად მოაზრებულია ორგანიზაცია, მაუწყებელი ან სხვა ტიპის მედიასაშუალება, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
პარტიის მიერ ნებისმიერი უცხოური სახსრების მიღება გამოიწვევს პარტიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას. სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.
20 000 დაჯარიმდება მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განახორციელებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.