საქართველოს მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, Black Sea Arena-ს მართვის უფლება კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა და მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ბლექ სი არენა ჯორჯიასა” და „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადაეცემა საქართველოს მთავრობას, მათი არსებობის ვადით – ამასთან, მათ მართვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მართვის უფლება შეწყდება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებისთანავე.
Black Sea Arena-მ Starring Georgia-ს კამპანია საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო – ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ტარდება.
მთავრობამ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების 2-წლიანი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოყო.